თვითმფრინავის ჩამოგდება

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი მოამზადა

ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს დოკუმენტი წარუდგინა, რომელშიც რუსეთის წინააღმდეგ მისაღები ახალი ზომები  არის ჩამოთვლილი.

ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების გუშინდელი გადაწყვეტილების შესაბამისად, ევროკომისიამ  ევროკავშირის საკრედიტო რესურსებისადმი და თავდაცვის ტექნოლოგიებისადმი რუსეთის წვდომის შეზღუდვის შესაძლებლობა განიხილა. შეთავაზებული სანქციების მიხედვით, რუსეთის სახელმწიფო ბანკებს ევროკავშირში 90 დღეზე მეტი ხნით კრედიტების მიღება აეკრძალებათ. საბოლოო გადაწყვეტილებას ბრიუსელი სავარაუდოდ მომავალ კვირას მიიღებს.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა რუსეთის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი ეკონომიკური სანქციების რაც შეუძლება მალე დაწესება მოითხოვა. როიტერის ცნობით, გერმანელი დიპლომატები მიიჩნევენ, რომ თუ მოსკოვი უკრაინაში პოლიტიკას არ შეცვლის, სექტორული სანქციები რუსეთის წინააღდეგ უკვე ივლისის ბოლომდე იქნება მიღებული. 

ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა კი ევროკავშირის სანქციებს სასაცილო უწოდა. მისი თქმით, ევროპელ ლიდერებს რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად არაფრის გაკეთება არ სურთ, სანამ რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულებას თავს არ დააღწევენ.

ნიდერლანდებში უკრაინიდან დონეცკთან მომხდარი ტერაქტში დაღუპულთა  პირველი 40 ცხედარი გადაასვენეს. ეითჰოვენის აეროპორტში, დაღუპულთა ნათესავებთან ერთად, ცხედრებს ნიდერლანდების მეფე და პრემიერმინისტრი დახვდნენ.

სამგლოვიარო ცერემონია რამდენიმე საათს გაგრძელდა. მანქანებს, რომლების ცხედრებს მიასვენებდნენ, მთელ გზაზე მოქალაქეები ყვავილებით ხვდებოდნენ.  ქვეყანაში საყოველთაო გლოვაა გამოცხადებული.  ტერაქტის შედეგად დაღუპული მალაიზიური ბოინგის 298 მგზავრიდან 193 ჰოლანდიელი იყო. ამსტერდამის ცენტრში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად დემონსტრაცია გაიმართა.

ბოინგის ჩამოვარდნის ადგილზე  ეუთო-ს დამკვირვებლები იმყოფებიან. მათ თვითმფრინავის კორპუსის ნაწილი აღმოაჩინეს, რომელიც რაკეტის ნამსხვრევებით არის დაცხრილული.  ბოინგის შავი ყუთები შესასწავლად დიდ ბრიტანეთში გაიგზავნა. სეპარატისტთა ერთ-ერთმა მეთაურმა ალექსანდრ ხოდაკოვსკიმ როიტერისთვის მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა, რომ ტერორისტებს შეიარაღებაში მართლაც ჰქონდათ რუსული წარმოების საზენიტო კომპლექსი ბუკი, რომლითაც, სავარაუდოდ, სამგზავრო ლაინერი ჩამოაგდეს. უკრაინის ხელისუფლება კი აცხადებს, რომ ორი უკრაინული საბრძოლო თვითმფრინავი გუშინ, სავარაუდოდ, რუსეთის ტერიტორიიდან ნასროლი რაკეტებით ჩამოაგდეს.  

 

კომენტარები