თვითმფრინავის ჩამოგდება

პუტინი: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გამჭვირვალე გამოძიება ჩატარდეს

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებით, მოსკოვი ტერაქტის საერთაშორისო გამოძიებას სრულად უჭერს მხარს და ტერორისტებსაც გამოძიების დახმარებისკენ მოუწოდებს. ამავე დროს, რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინისგან საბრძოლო მოქმედებების სრული შეწყვეტა მოითხოვა.   

"რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რაც მასზეა დამოკიდებული, რათა სრული, ყოველმხრივი და გამჭვირვალე გამოძიება ჩატარდეს. ჩვენ გვთხოვენ, მებრძოლებზე გავლენა მოვახდინოთ. რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია. მაგრამ უკრაინის ხელისუფლებამაც უნდა დაიცვას ელემენტარული წესები და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გამოაცხადოს, თუნდაც  გამოძიებისთვის საჭირო დროის განმავლობაში. რუსეთს ულტიმატუმს უყენებენ - ან შევეგუოთ  ჩვენთან ეთნიკურად ახლოს მყოფი მოსახლეობის განადგურებას, ან სანქციებს დაგვიწესებენ. ეს უცნაური ლოგიკაა და აბსოლუტურად მიუღებელია", - განაცხადა პუტინმა. 

17 ივლისს მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი ბოინგი 777, რომელიც ასრულებდა რეისს ამსტერდამი-კუალა-ლუმპური, აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის საზღვართან რაკეტით ჩამოაგდეს. ბორტზე მყოფი 298 ადამიანი დაიღუპა. 

ამერიკული სპეცსამსახურების აზრით, მალაიზიური ავიაკომპანიის თვითმფრინავი სეპარატისტებმა ჩამოაგდეს. როიტერის ცნობით, ამერიკის დაზვერვა მიიჩნევს, რომ სამგზავრო ბოინგის განადგურება შეცდომით მოხდა. სპეცსამსახურებში აღნიშნავენ, რომ სეპარატისტები რუსეთმა შეაიარაღა და გაწვრთნა, თუმცა ტერაქტში რუსეთის უშუალო მონაწილეობის მტკიცებულება მათ არ გააჩნიათ. 

კომენტარები