თვითმფრინავის ჩამოგდება

ობამა: პუტინი ვალდებულია, სეპარატისტებს გამოძიებასთან თანამშრომლობა აიძულოს

washingtonpost

რუსეთსა და პრეზიდენტ პუტინს პირდაპირი გავლენა აქვთ უკრაინაში პრორუს სეპარატისტებზე და მათი მოვალეობაა დაარწმუნონ ისინი, გამოძიებასთან ითანამშრომლონ - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ უკრაინაში ჩამოგდებული თვითმფრინავის თემაზე კომენტირებისას განაცხადა.

ობამას თქმით, რუსეთის მოვალეობაა სეპარატისტებს ხელი შეუშალოს ნივთმტკიცებების ფალსიფიკაციაში.

”რუსეთის ვალია, სეპარატისტებს ნივთმტკიცებების ფალსიფიკაციის საშუალება არ მისცენ, გამომძიებლებს შეუქმნან პირობები, რომ გამოძიება აწარმოონ. სეპარატისტები და მათი რუსი სპონსორები პასუხისმგებლები არიან გამომძიებლების უსაფრთხოებასა და მათ სამუშაო პირობებზე”, - განაცხადა ობამამ.

ობამას თქმით, ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინაში თვითმფრინავი უკრაინელმა სეპარატისტებმა ჩამოაგდეს. ამერიკელი მაღალჩინოსნები ეჭვობენ, რომ რაკეტა, რომლითაც სამოქალაქო თვითმფრინავი ჩამოაგდეს, სეპარატისტებს რუსეთმა მიაწოდა და სწორედ რუსები წვრთნიან უკრაინაში აჯანყებულებს.  

"სეპარატისტები სამხილების დასამალად ტერიტორიას ასუფთავებენ. ჩნდება კითხვა: რისი დაფარვა სურთ მათ?” - განაცხადა ობამამ.

დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტ გრაბოვოში 17 ივლისს მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი ბოინგი 777, რომელიც ასრულებდა რეისს ამსტერდამი-კუალა-ლუმპური, აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის საზღვართან რაკეტით ჩამოაგდეს. ბორტზე მყოფი 298 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები