მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოგდება

ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ტრაგედიამ ევროპას თვალი აუხილა

ფრანს ტიმერმანსი
wikipedia.org

თვითმფრინავის ჩამოგდების ტრაგედიამ თვალი აუხილა ევროპას უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრისას, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანს ტიმერმანსმა განაცხადა.

ტიმერმანსმა ხაზი გაუსვა, რომ ნიდერლანდები ამიერიდან აქტიურად შეუწყობენ ხელს უფრო გადაჭრითი ზომების მიღებას ევროკავშირის მხრიდან.

"როცა ჩვენ მივიღებთ მტკიცებულებას, არ შევჩერდებით, სანამ დამნაშავეები არ წარსდგებიან სასამართლოს წინაშე" - განაცხადა ტიმერმანსმა და აღნიშნა, რომ ის გულისხმობს "არა მხოლოდ მათ, ვინც სასხლეტს გამოკრა, არამედ მათ, ვინც ეს შესაძლებელი გახადა. ვფიქრობ საერთაშორისო საზოგადოება ამისთვის უნდა გაერთიანდეს" - განაცხადა მინისტრმა.

17 ივლისს დონეცკის მხარეში Malaysia Airlines-ის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი, ბოინგ 777 ჩამოაგდეს, რომელიც რეისს ამსტერდამი-კუალა-ლუმპური ასრულებდა. ავიაკომპანიის ცნობით ბორტზე 298 ადამიანი იმყოფებოდა. მათ შორის 192 ნიდერლანდების მოქალაქე იყო, 44 მალაიზიელი, 27 ავსტრალიელი, 12 ინდონეზიელი, 10 ბრიტანელი, 4 გერმანელი, 4 ბელგიელი, 3 ფილიპინელი, ერთი კანადელი და ერთიც ახალი ზელანდიელი.

კომენტარები