მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოგდება

მალაიზიური ბოინგის კატასტროფის გამოძიება კიდევ 9 თვეს გაგრძელდება

gdb.voanews.com/

ქვეყნები, რომლებიც 17 ივლისს ჩამოგდებულ მალაიზიური ბოინგის საქმის გამოძიებაში მონაწილეობენ,  შეთანხმდნენ, რომ გამოძიების ვადას კიდევ 9 თვით გააგრძელებენ. ავსტრალიის იუსტიციის მინისტრის მაიკლ კინანის განცხადებთ, გამოძიება 2015 წლის აგვისტომდე გაგრძელდება.

ავსტრალიელი ექსპერტები ლაინერის ჩამოვარდნის ადგილის ხელახლა შესწავლას აპირებენ. გუშინ კი, ჰოლანდიელმა ექსპერტებმა ადგილზე  აღმოაჩინეს მგზავრთა ცხედრები, რომლებიც აქამდე ნაპოვნი არ იყო, და მათი პირადი ნივთები. რამდენიმე დღის  წინ ავსტრალიის პრემიერმა ტონი ებოტმა ვლადიმირ პუტინს უკრაინაში ლაინერის ჩამოგდებისთვის ბოდიშის მოხდა და კომპენსაციის გადახდა მოსთხოვა. საპასუხოდ რუსეთის საელჩომ განაცხადა, რომ ლაინერის კატასტროფასთან რუსეთის კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს.

ჰოლანდიელი გამომძიებლების წინასწარი დასკვნით, ლაინერი მის სიახლოვეს მომხდარი აფეთქებისა და გარეშე საგნებით მრავლობით დაზიანებების გამო ჩამოვარდა. კიევში აცხადებენ, რომ თვითმფრინავი რუსმა სამხედროებმა, ბუკის ტიპის საზენიტო დანადგარის მეშვეობით ჩამოაგდეს. კატასტროფის შედეგად 298 ადამიანი დაიღუპა.  

კომენტარები