რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, თუ ერგნეთის ბაზრობა თანამედროვე სტანდარტებით გაკეთდება, შეიძლება რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის მომხიბვლელი გახდეს. ამასთან, ზურაბ აბაშიძე აღნიშნავს, რომ ერგნეთის ბაზრობის გახნის საკითხი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორ კარასინთან მოლაპარაკების თემა არ ყოფილა და "ქართული მხარის გადასაწყვეტია, ჩვენს ტერიტორიაზე რას გავხსნით".
“საინტერესო ინიციატივაა ნამდვილად, თუ ეს გაკეთდება თანამედროვე სტანდარტებით, თანამედროვე ფორმებით, შეიძლება მართლაც მომხიბვლელი გახდეს იმ რეგიონში ქართველებისთვის, ოსებისთვის და ყველასთვის, ვისაც აინტერესებს ვაჭრობა და გამოაცოცხლებს ნამდვილად რეგიონს. ამ ეტაპზე ეს რუსეთთან სამჯელო თემა არ არის, საერთო ჯამში, რატომ უნდა იყოს ვინმე ამის წინააღმდეგ”, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
პრემიერმინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ჰკითხეს, ერგნეთის ბაზრობის გახსნა გადაწყვეტილია, თუ ეს მხოლოდ განსახილველი იდეაა. ზურაბ აბაშიძემ უპასუხა, რომ ამ საკითხს დააზუსტებს და პასუხი მოგვიანებით ექნება.
“იდეა ნამდვილად საინტერესოა, თუ ეს გაკეთდება თანამედროვე ფორმებით, ეს ხელს შეუწყობს ადამიანებს შორის კონტაქტებს. დეტალებს გავივლი ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებთან. მათ, ალბათ, ნაფიქრი აქვთ ამ ყველაფერზე და ისინი უფრო კომპეტენტურები არიან”, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.





