ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2014

ენმ: ქართული ოცნების კოორდინატორები საარჩევნო უბნებზე ძალადობენ

ქართული ოცნების კოორდინატორები არჩევნების მშვიდ და ნორმალურ ვითარებაში ჩატარებას ხელს უშლიან - ნათქვამია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებაში.

ენმ-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე ქართული ოცნების კოორდინატორები მიზანმიმართულად ცდილობენ ვიდეოკამერიან დამკვირვებლებთან კონფლიქტში შესვლას, აყენებენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, პოლიციას კი, საქმის ვითარებაში გარკვევის საბაბით, უბნიდან მიჰყავს არა კონფლიქტის გამომწვევი ქართული ოცნების კოორდინატორები, არამედ სწორედ ის დამკვირვებლები, რომლებიც უბნების ვიდეოგადაღებას აწარმოებენ.

”სწორედ ასეთ მოქმედებას ჰქონდა ადგილი თბილისში, მთაწმინდის მე-16 და ნაძალადევის მე-8-9-10 უბნებზე, აგრეთვე, რუსთავის 79-ე უბანზე. რუსთავში პოლიცია თავად იყო “ქართული ოცნების” აგრესიული კოორდინატორების წამქეზებელი, მთაწმინდის მე-16 უბნის ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციამ დამკვირვებელზე დაუყოვნებლივ ძებნა გამოაცხადა, ხოლო ნაძალადევში დამკვირვებელზე საარჩევნო ადმინისტრაციამ ტყუილი გაავრცელა, თითქოს დამკვირვებელი ნიკოლოზ ჩომახაშვილი ნასვამი იყო (ტესტის შედეგები ადასტურებს, რომ საუბნო კომისიის თავმჯდომარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, უბრალოდ, ტყუილია)” -  ნათქვამია განცხადებაში.

ენმ მიმართავს პოლიციას კონტაქტზე გავიდეს პარტიის წარმომადგენლებთან, რომლებიც საოქლო შტაბებში იმყოფებიან და მზად არიან ყველაფერი გააკეთონ, რათა საარჩევნო უბნებზე შენარჩუნდეს სიმშვიდე, დარჩნენ დამკვირვებლები და ამომრჩეველს მიეცეს თავისი ნების გამოხატვის საშუალებას.

კომენტარები