ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2014

წულუკიანი მედიას ურჩევს, არ აყვეს ენმ-ს აჟიოტაჟს უწყებათაშორისის დატოვებაზე

თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ უწყებათაშორისი კომისიის დატოვების საკითხზე კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, ძალიან კარგია, რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში და 29 ივნისს ჩატარებული არჩევნების პერიოდში კომისიასთან მუშაობდა. წულუკიანი ამბობს, რომ იმედი აქვს, პარტიის წარმომადგენლები წერილობით გააგრძელებენ მათთან ურთიერთობას, რადგან ეს მათივე კანდიდატების ინტერესშია. მან მედიას ურჩია, არ აყვეს ნაციონალური მოძრაობის ატეხილ აჟიოტაჟს.

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობის მიერ უწყებათაშორისი კომისიის დატოვების მიზეზები სპეციალურ ბრიფინგზე პარტიის სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხების მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განმარტა.

”საზოგადოებისთვის ნათელია, რომ კომისიამ, რომელსაც იუსტიციის მინისტრი წულუკიანი ხელმძღვანელობს, ვერ შეძლო და არც ისურვა 15 ივნისის არჩევნებისთვის თავისუფალი და სამართლიანი გარემოს შექმნა. იუსტიციის მინისტრის განცხადებები გიგი უგულავას დაბარებასთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ ის უბრალო იარაღია ოლიგარქ ივანიშვილის ხელში, რომელიც მხოლოდ ერთი მიზნით მოქმედებს - გაუსწორდეს პოლიტიკურ ოპონენტებს.

ქალბატონ წულუკიანს მართებდა, დალოდებოდა კომისიის სხდომაზე აღნიშნული საკითხის განხილვას და მხოლოდ ამის შემდეგ გაეკეთებინა კომენტარი. უწყებათაშორისი კომისიის მუშაობას უარყოფითად აფასებენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო დამკვირვებლები. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ვეღარ მიიღებს იმ ფარსში მონაწილეობას, რასაც მინისტრ წულუკიანის თავმჯდომარეობით გამართული უწყებათაშორისი კომისიის სხდომები ჰქვია და დღეს სხდომაზე პროკურატურის მიერ გაკეთებული ცინიკური განცხადებების გამო, ჩვენ პროტესტის ნიშნად დავტოვეთ კომისია”, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

კომენტარები