საქართველოს ეკონომიკა

მეორე წერილი ივანიშვილის მიმართ

თითქმის ერთი წელი გავიდა ჩემი ღია წერილის გამოქვეყნებიდან, რომლითაც თქვენ მოგმართეთ. მაშინ ჯერ კიდევ პრემიერმინისტრის თანამდებობა გეკავათ. ახლაც თქვენ გწერთ, როგორც დღევანდელ ქვეყნის მმართველს და არა როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელს ან მომავალ ტელეწამყვანს, გასაგები მიზეზების გამო.

თქვენ მიერ შეძენილმა და მართულმა პოლიტიკურმა გუნდმა ადგილობრივი არჩევნებისთვის გადაწყვიტა, ცოცხებიანი პლაკატებისა და სარეკლამო კლიპების პარალელურად შეექმნა პოზიტიური განწყობის სააგიტაციო მასალაც - ბუკლეტი სახელწოდებით "შეადარე". გუშინ ჩამივარდა ხელში, გადავხედე და სურვილი გამიჩნდა შეძლებისდაგვარად მოკლე პასუხი მომეწერა.

თვალის ერთი გადავლებითაც ნათელი ხდება, რომ ამ "შეადარე"-ს მიზანია, საქართველოს მოსახლეობას დაანახოს რეალობის "მყისიერი" გაუმჯობესება არაერთი მიმართულებით. მეც მივყვები ამ მიმართულებებს და შევეცდები თითოეულზე "ბულეთებად" გაგანდოთ ჩემი მოსაზრებები.

2013 წლიდან ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. ერთი შეხედვით სასიამოვნოდ ჟღერს, თუმცა ამ პროგრამის რეალური შედეგები შემდეგია:

  • იმის გამო, რომ სახელმწიფომ ჯანდაცვის სექტორში დაიწყო პირდაპირ ფულის ყრა, სამედიცინო მომსახურება გაძვირდა. 2014 წლის ივნისს თუ შევადარებთ 2013 წლის ივნისს, "ჯანმრთელობის დაცვა" - ფასები გაზრდილია თითქმის 6%-ით, მათ შორის "ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება" - თითქმის 8.5%-ით
  • ეს პროგრამა უარესია, ვიდრე იყო არსებული პროგრამა. წინა შემთხვევაში აქცენტი კეთდებოდა მიზნობრიობაზე და სახელმწიფოს დახმარებას იღებდა ყველაზე გაჭირვებული. ახლა თითქოს დახმარებას იღებს ყველა თანაბრად, მაგრამ ჯამში ყველა, მათ შორის ყველაზე გაჭირვებულებიც, იღებენ ნაკლებს
  • ამ პროგრამამ უკიდურესად ცუდ მდგომარეობაში ჩააყენა კერძო სადაზღვევო კომპანიები, მათ შორის ერთი გაკოტრდა. ეს არის ამონარიდი ბრემენის უნივერსიტეტის დოქტორანტის, გიორგი ხიშტოვანის კვლევიდან  "2006-2013 წლის ჯანდაცვის რეფორმის ფინანსური გავლენის პროგნოზი კერძო სადაზღვევო კომპანიებზე - "ალდაგი-ბისიაის" შემთხვევა", რომელიც ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დაკვეთით შესრულდა: "სახელმწიფოს მხრიდან ჯანდაცვის პოლიტიკის მოდიფიცირების გადაწყვეტილებამ სადაზღვევო სექტორის ყველაზე დიდი მოთამაშის, „ალდაგი-ბისიაი“-ს "RIM"-ით გაანგარიშებული ეკონომიკური ღირებულება 2013 წელს თითქმის 35%-ით შეამცირა და აღნიშნული მაჩვენებელი კომპანიის საკუთარი კაპიტალის მოცულობაზე დაბლა ჩამოიყვანა (84,3 მილიონი ლარი); მაშინ, როდესაც არსებული მდგომარეობის შენარჩუნების პირობებში, "ალდაგი-ბისიაის" ეკონომიკური ღირებულება 2013 წელს თითქმის 35 მილიონი ლარით უნდა გაზრდილიყო და 157,5 მილიონი ლარი შეედგინა".

2014 წლის ბოლომდე 82 ახალი ამბულატორიის მშენებლობა

  • ბუკლეტში გიწერიათ, რომ მსგავსი რამ აქამდე საქართველოში არასოდეს განხორციელებულა, რაც მტკნარი სიცრუეა. 2003 წლიდან 2012 წლის ჩათვლით არაერთი ახალი ამბულატორია აშენდა და არსებული გარემონტდა
  • წარსულის გაყალბებას რომ თავი დავანებოთ, არასერიოზულია შედარება ჯერ კიდევ არარსებულ მომავალ რეალობასთან, რომელიც 2014 წლის ბოლოს ან დადგება ან არა (2013 წლის შედეგებისთვის მაინც შეგედარებინათ). მაგალითისთვის, 2013 წელს, საბიუჯეტო ხაზი "სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაცია და აღჭურვა" - გაირღვა თითქმის 50%-ით (აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ რაც დაიხარჯა, ისიც გაუგებარია სად წავიდა)

2014 წლიდან C ჰეპატიტით დაავადებული პირები მედიკამენტებზე შეღავათებით, 60%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ

  • ფასდაკლებით ისარგებლებს მხოლოდ 10,000 ადამიანი, მაშინ როდესაც C ჰეპატიტით დაავადებულთა რაოდენობა საქართველოში სხვადასხვა დათვლებით 100-დან 200 ათასამდეა. ამიტომ ეს განცხადება ასევე მტკნარი სიცრუეა
  • სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერი ახალი სოციალური პროგრამის დაფინანსება ან არსებულის გაფართოება მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს ხელისუფლების დამსახურებად, როდესაც ეს კეთდება მაკროეკონომიკური პარამეტრების გაუარესების გარეშე. სხვა შემთხვევაში, ვალის ზრდის ხარჯზე, ნებისმიერ მთავრობას შეუძლია ბევრი მოქალაქის გულის მოგება გარკვეული პერიოდის განმავლობაში. 2014 წელს მთავრობის ვალი იზრდება 1,636 მილიარდი ლარით, ხოლო ბიუჯეტის დეფიციტი ორმაგდება. ასე რომ, ეს პროგრამა მიღწევა არ არის. უბრალოდ დაგხვდათ კარგი მაკროეკონომიკური პარამეტრები, რომლებსაც აუარესებთ, რათა მოიპოვოთ მოსახლეობის კეთილგანწყობა. (ამ აბზაცზე კიდევ არაერთხელ მივუთითებ)

სოფლის ექიმის დაფინანსება 2014 წელს გაიზარდა 2011-თან შედარებით

  • 2011 წელთან შედარება რომ სხვაობა მეტი გამოჩნდეს, არ არის ღირსეული საქციელი
  • სოფლის ექიმის პროგრამაზე 2012 წელს დაიხარჯა დაახლოებით 15 მილიონი ლარი, ხოლო 2013 წელს 11 მილიონი ლარი. თუ კეთილსინდისიერი შედარება გინდოდათ, ეს უნდა შეგედარებინათ

2013 წელს სახელმწიფომ დაიწყო მშობიარობის დაფინანსება

  • აქაც იგივე პრობლემაა. სახელმწიფო უფინანსებს ყველას, მათ შორის იმათაც, ვისაც თავად შეუძლია მშობიარობის დაფინანსება, რაც გადასახადის გადამხდელების ფულის ფლანგვაა და მეტი არაფერი
  • იხილე მესამე პუნქტის მეორე აბზაცი სახელმწიფოს მხრიდან სოციალური პროგრამების დაფინანსების შესახებ

2014 წელს დაიწყო "დემოგრაფიული პროექტი" - ყოველ მესამე და შემდეგ შვილზე ყოველთვიურად გაიცემა მთაში 200 ლარი, ბარში 150 ლარი (5 რეგიონში)

  • ეს პროგრამა თავიდან ბოლომდე პოპულისტურია, რადგან ასეთი ტიპის სტიმულირებით დემოგრაფიული პრობლემების გადაჭრა შეუძლებელია
  • ვთქვათ, მართლა მოხდა შობადობის ამ ფორმით სტიმულირება, რას აკეთებს ოჯახი 2 წლის შემდეგ, როდესაც ეს დახმარება მოეხსნება? 2 წლიდან ბავშვი თავად შეინახავს საკუთარ თავს?
  • იხილე მესამე პუნქტის მეორე აბზაცი სახელმწიფოს მხრიდან სოციალური პროგრამების დაფინანსების შესახებ

2013 წლიდან გაიზარდა სოციალური დახმარებები

  • 150-ლარიანი პენსია 2013 წლის ბიუჯეტში თქვენ არ ჩაგიდიათ, დაგხვდათ. ის, რომ სახელმწიფომ შეძლო 150 ლარამდე გაეზარდა პენსია, არის წინა ხელისუფლების სწორი ეკონომიკური და საბიუჯეტო პოლიტიკის შედეგი და არა თქვენი დამსახურება. შესაბამისად, ამაზე აპელირება არ არის ღირსეული საქციელი
  • სხვა სოციალური დახმარებების გაზრდას რაც შეეხება - იხილე მესამე პუნქტის მეორე აბზაცი სახელმწიფოს მხრიდან სოციალური პროგრამების დაფინანსების შესახებ

2013 წელს გაიზარდა ნათესი ფართობები, მრავალწლოვანი კულტურების წარმოება; მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობა, შეღავათიანი აგროკრედიტი და ა.შ.

  • ცხადია, გაიზრდებოდა ნახნავ-ნათესები, სახელმწიფომ ათობით მილიონი გადაისროლა ამ სექტორში. ანალოგიურად გაიზრდებოდა ეკონომიკის ნებისმიერი სხვა სექტორი, სახელმწიფოს მნიშვნელოვანი რესურსი იქით რომ მიემართა
  • საქართველო არ არის აგრარული ქვეყანა. ჩვენი დღევანდელი რეალობა რუსეთის იმპერიის 200-წლიანი პოლიტიკით არის განპირობებული. სახელმწიფოს პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს ამ რეალობის შეცვლისკენ, თანამედროვე, განვითარებული ქვეყნის შექმნისკენ, და არა არსებული მძიმე რეალობის კიდევ დიდხანს შენარჩუნებისკენ
  • შეღავათიანი კრედიტებით ბიზნესის სტიმულირება ნიშნავს, რომ ეკონომიკაში არსებული რესურსების გადანაწილება ხდება არაეფექტურად - არა ისე, როგორც ეს მოხდებოდა თავისუფალი ბაზრის პირობებში, არამედ სახელმწიფოს მხრიდან გაჩენილი ხელოვნური სტიმულების შესაბამისად. მოსახლეობის ის მცირე ნაწილი, რომელიც ამ კრედიტების ისარგებლებს, ცხადია, იხეირებს, თუმცა ჩვენნაირი ღარიბი ქვეყნისთვის ეს მხოლოდ მწირი რესურსების ფლანგვაა და მეტი არაფერი

მეტი ინფრასტრუქტურული პროექტები გაკეთდა 2013 წელს, ვიდრე 2011 წელს (სარწყავი სისტემები, ჩქაროსნული მაგისტრალი, გზების რეაბილიტაცია, ხიდები და ა.შ.)

  • 2011 წელთან შედარება, რომ სხვაობა დიდი გამოჩნდეს, არ არის ღირსეული საქციელი
  • 2013 წელს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი ხარჯვით ნაწილში გაირღვა 100 მილიონი ლარით
  • რეგიონებში მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამა გაირღვა 30%-ით
  • წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციის პროგრამა გაირღვა 45%-ით
  • ზოგადად, ინფრასტრუქტურაზე დაიხარჯა 798 მილიონი ლარი (37 მილიონით ნაკლები, ვიდრე 2011 წელს), თუმცა რაში დაიხარჯა ეს ფული, გაუგებარია

2013 წლიდან ამუშავდა 8 ნაგავსაყრელი

  • ერთ მხარეს შავ-თეთრი სურათების დადება და მათი შედარება ფერად სურათებთან, ძალიან პრიმიტიული გზაა "გაკეთებული საქმის" საჩვენებლად
  • ნაგავზე მიწის მიყრა ნაგავსაყრელის გაკეთება არ არის

ინფრასტრუქტურული პროექტები "გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში"

  • არ ვიცი რამდენად გაკეთებულია ის, რაც თქვენს ბუკლეტშია აღწერილი, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში მისასალმებელია ყველა ეს პროექტი
  • არანაირი "გამყოფი ხაზი" არ არსებობს. არსებობს ოკუპაციის ხაზი, რომლის იქითაც მდებარეობს ოკუპირებული ტერიტორიები, სადაც განთავსებულია რუსეთის საოკუპაციო ჯარები. სახელების ასე შეცვლით რეალობას ვერ შეცვლით, პირიქით, შეიძლება გააუარესოთ.

ტარიფების შემცირება ელ.ენერგიასა და ბუნებრივ აირზე

  • ტარიფების შემცირება მოსახლეობამ ვერ იგრძნო
  • ბუნებრივ აირზე მოსახლეობის მიერ იანვარში მიღებულ ქვითრებს თუ ნახავთ, მიხვდებით, რომ არაფერი გაიაფებულა
  • ტარიფების შემცირება მოხდა კომპანიების მხრიდან გარკვეული ვალდებულებების შემცირების სანაცვლოდ (საინვესტიციო, მოვლა-რეაბილიტაცია), რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნისთვის საზიანოა
  • ეკონომიკის ზრდასთან ერთად იზრდება მოთხოვნა ენერგიაზე. და რადგან ელ. ენერგიის დამატებითი წყარო ჯერჯერობით მხოლოდ ძვირი იმპორტია, უახლოეს მომავალში (თუ ეკონომიკა დაიძრა), ტარიფის გაზრდა შეიძლება გახდეს აუცილებელი (ამას თუ არ დაუმალავთ მოსახლეობას, თქვენთვისვე უკეთესი იქნება)

2013 წელს ექსპორტი 2012 წელთან შედარებით გაიზარდა 22%-ით

  • 2013 წლის ექსპორტი, თუ არ ჩავთვლით რუსეთის ბაზარზე ექსპორტს, არის გამოძახილი წინა ხელისუფლების პოლიტიკის
  • 2011 წელს ექსპორტი გაიზარდა 31%-ით, 2010 წელს - 48%-ით, ასე რომ, 22% არ არის რაიმე ფორმით განსაკუთრებული მაჩვენებელი

გაზრდილი დევნილთა შემწეობა

  • იხილე მესამე პუნქტის მეორე აბზაცი სახელმწიფოს მხრიდან სოციალური პროგრამების დაფინანსების შესახებ

2000 დევნილი ოჯახისთვის 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ გადაცემული საცხოვრებელი

  • ყველა ის საცხოვრებელი ფართი, რომელიც გადაეცათ დევნილებს, არის წინა ხელისუფლების მიერ აშენებული (მათ შორის, დონორებიდან მოპოვებული დაფინანსებით) და ამ მიღწევის ასე უაპელაციოდ მითვისება არ არის ღირსეული საქციელი
  • ამ შემთხვევაში შედარებაზე უარი თქვით, ამიტომ მე შეგიდარებთ. წინა წლებში 27 000 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა საცხოვრებლით. 7 000 ოჯახისთვის კი ან შენდებოდა ბინები, ან მოპოვებული იყო დაფინანსება

პატიმრების სიკვდილიანობა შემცირდა

  • ნომინალურ გამოხატულებაში ნამდვილად არის შემცირება, მაგრამ თუ გადავითვლით per capita (იმის გათვალისწინებით, რომ პატიმრების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა 2012 წლის ბოლოს გამოცხადებული ამნისტიის შედეგად), შემცირება ძალიან უმნიშვნელოა

2014 წლიდან C ჰეპატიტის მკურნალობა პატიმრებისთვის გახდა უფასო

  • საწინააღმდეგო არგუმენტი არსებობს - რატომ უნდა მკურნალობდეს სახელმწიფო დამნაშავეს და იმავეს არ/ვერ უკეთებდეს უამრავ უდანაშაულო ადამიანს. თუმცა, ჩემი აზრით, ეს სწორი გადაწყვეტილებაა ყოველგვარ აბზაცზე მითითების გარეშე - ამ ადამიანებს სახელმწიფომ პატიმრობა მიუსაჯა და არა სწრაფი სიკვდილი რაიმე დაავადებით

სასჯელაღსრულების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება

  • ბროშურაში მოცემული ქსნის სასჯელაღსრულების დაწესებულების რეაბილიტაცია მოხდა წინა ხელისუფლების მიერ და ამის მითვისება არ არის ღირსეული საქციელი
  • რაც შეეხება ბათუმის მე-3 დაწესებულებას და ე.წ. კრიტს - ეს შენობები იმდენად მოძველებული იყო, რომ მათი დახურვა და პატიმრების ახალ დაწესებულებებში (მაგალითად, ლაითურში) იგეგმებოდა
  • ზოგადად, წინა წლებში მოხდა სასჯელაღსრულების დაწესებულებების 80%-ის რეაბილიტაცია ან ახლის აშენება და ეს სადმე რომ იყოს ნახსენები ამ ბროშურაში, ურიგო არ იქნებოდა (რადგან "შეადარე" ჰქვია)

საერთაშორისო მისიებში და საქართველოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახების კომპენსაცია

  • სწორი გადაწყვეტილებაა ყოველგვარ აბზაცზე მითითების გარეშე

2008 წლის შედეგად განადგურებული ტყის აღდგენა

  • ბროშურაში წერია, რომ 2013-14 წლებში აღდგა 76.3 ჰა ტყე, და რომ მსგავსი რამ აქამდე არასოდეს გაკეთებულა. ესეც მტკნარი სიცრუეა, რადგან სულ დამწვარი იყო 950 ჰა-მდე და 2009 წელს საერთაშორისო დონორების (მათ შორის, ფინეთის მთავრობის) დახმარებით დაიწყო პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ამ დამწვარი ფართობის რეაბილიტაციას
  • ზოგადად, ტყის რეაბილიტაციას სჭირდება ბევრი წელი. შესაბამისად, საერთოდ გაუგებარია რას ნიშნავს განცხადება, რომ 76.3 ჰა ტყე რეაბილიტირდა 2013-14 წლებში

საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა და შესაბამისი შემოსავლები გაიზარდა 2013 წელს 2011 წელთან შედარებით

  • 2011 წელთან შედარება, რომ სხვაობა დიდი გამოჩნდეს, არ არის ღირსეული საქციელი
  • ზოგადად ვიზიტორების ზრდა 2013-ში არის წინა ხელისუფლების მიერ საქართველოს, როგორც ტურისტებისთვის მიმზიდველი ქვეყნის აქტიური რეკლამირების შედეგი და ამ მიღწევის მითვისება ასევე არ არის ღირსეული საქციელი
  • 2013 წელს ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდა დაახლოებით 23%-ით, ხოლო 2012 წელს - 56%-ით
  • შსს-ს ბოლო მონაცემებით, 2014 წლის მაის-ივნისში ქვეყანაში ვიზიტორების რაოდენობა შემცირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რაც შესაძლოა მიუთითებდეს, რომ წინა ხელისუფლების მიერ წარმოებული აქტიური სარეკლამო კამპანიის ეფექტი ნელ-ნელა ქრება

საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა/რეაბილიტაცია

  • 2011 წელთან შედარება, რომ სხვაობა დიდი გამოჩნდეს, არ არის ღირსეული საქციელი
  • ბროშურაში მოცემული ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, წინა წლებში მსგავსი არაფერი კეთდებოდა და 2013 წელს დაწყებულა აღმშენებლობა
  • რეალობა კი ასეთია: საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების 2013 წლის გეგმა გაირღვა 21 მილიონი ლარით, ხოლო 2012 წელთან შედარებით დაიხარჯა 47 მილიონი ლარით ნაკლები
  • საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების 2013 წლის გეგმა გაირღვა 18 მილიონი ლარით, ხოლო 2012 წელტან შედარებით დაიხარჯა 29 მილიონი ლარით ნაკლები

უფასო სახელმძღვანელოები, უფასო ტრანსპორტი, უფასო სპეციალობები, უფასო პროფესიული განათლება

  • უფასო სახელმძღვანელოები ყველასთვის არასწორი მიდგომაა, სახელმწიფო არ უნდა უფინანსებდეს სახელმძღვანელოების შეძენას მათ, ვისაც ამის შესაძლებლობა თავად აქვს
  • უფასო სპეციალობები არასწორია, რადგან ასეთი მიდგომით სახელმწიფო აჩენს სტიმულს, რომ ახალგაზრდებმა აირჩიონ რაღაც სპეციალობა მხოლოდ იმიტომ, რომ ამ სპეციალობაზე სწავლა უფასოა. არავინ იცის, რა სპეციალობებზე იქნება შრომის ბაზარზე მოთხოვნა 4 წლის შემდეგ. შესაბამისად, თუ ამ ახალგაზრდებს მომავალში ექნებათ დასაქმების პრობლემა იმის გამო, რომ მათ არ აქვთ მოთხოვნადი სპეციალობა, ეს იქნება თქვენი ხელისუფლების პასუხისმგებლობა
  • ზოგადად, იხილე მესამე პუნქტის მეორე აბზაცი სახელმწიფოს მხრიდან სოციალური პროგრამების დაფინანსების შესახებ
  • თუ შედარება გსურთ, შეადარეთ შემდეგი:
  • მასწავლებელთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამა - 2013 წლის გეგმა გაირღვა 5.6 მილიონი ლარით, ხოლო 2012 წელთან შედარებით დაიხარჯა 3.9 მილიონი ლარით ნაკლები
  • პროფესიული განათლების პროგრამა - 2013 წლის გეგმა გაირღვა 5.5 მილიონი ლარით, ხოლო 2012 წელთან შედარებით დაიხარჯა 4 მილიონი ლარით ნაკლები
  • მეცნიერების აღდგენის პროგრამა - 5 მილიონი ლარის დახარჯვა იყო დაგეგმილი და დაიხარჯა 0 თეთრი
  • სახელმწიფო სასწავლო, სამაგისტრო, სადოქტორო გრანტების პროგრამა - 2013 წლის გეგმა გაირღვა 11.3 მილიონი ლარით, ხოლო 2012 წელთან შედარებით დაიხარჯა 2.9 მილიონი ლარით ნაკლები

2014 წელს 2 საპარლამენტო მოსმენა გაიარა ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ კანონმა

  • და ეს რატომ არის საამაყო? ეს კანონი არის მავნებლობა, რომელიც ეფუძნება ირაციონალურ შიშებს
  • ამ კანონის გამო შეიძლება პრობლემები შეგვექმნას აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე, თუ თქვენმა მთავრობამ ეს საკითხი ოდესმე დაძრა
  • თუ მოსახლეობის ირაციონალურ შიშებზე არ თამაშობთ, ასეთი მავნებლური კანონები არაერთი მიიღეთ და ისინი რატომ ვერ მოხვდნენ "შესადარებელ" ჩამონათვალში?

და ბოლოს სამი მიღწევა, რომლებიც სპეციალურად შევინახე ბოლოსთვის:

2013 წელს დაფუძნდა "საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი"

  • ყოჩაღ. ეშველა ქართულ სპორტს. სწრაფი ნაბიჯით უკან საბჭოეთში. 2014-ში გახსენით "გონებრივი აღზრდისა და ფიქრის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი" და 2015-ში იმსჯელეთ, ჭადრაკის სწავლის მსურველები პირველში გაუშვათ თუ მეორეში

2013 წელს განადგურდა 3 მილიონი მავნებელი. აქამდე განადგურებული მწერების რაოდენობა არ გამოვლენილა (ეს "არ გამოვლენილა" წითლად და მსხვილი ფონტით გაქვთ ბროშურაში)

  • ეს როგორ დათვალეთ? და რამდენი საჯარო მოხელე ითვლიდა?

2013 წლიდან ავტომატურ რეჟიმში 6 საათში ერთხელ 7 ქალაქში იზომება რადიაციული ფონი

  • ბოლნისი რა კრიტერიუმით მოხვდა ამ 7 ქალაქში და ზუგდიდი რატომ ვერ მოხვდა?
  • ასეთი მნიშვნელოვანი წარმატების შესახებ რატომ უნდა ვიგებდეთ წინასაარჩევნო ბროშურიდან?

კომენტარები