მელია: არათბილისელობაზე ყურადღების გამახვილება უზნეობად მიმაჩნია

ნიკა მელია
epn.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატის ნიკა მელიას განცხადებით, "გუშინდელი დებატებისას დავით ნარმანიას მიმართ ჩემი კრიტიკა საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა აღიქვა როგორც მითითება მის არათბილისურ წარმოშობაზე". ნიკა მელია განმარტებას აკეთებს ნარმანიას მიმართ შეკითხვაზე - "რამდენი ხანია, რაც თბილისში ცხოვრობ?". ენმ-ის თბილისის მერობის კანდიდატის თქმით, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, მან არაერთხელ საჯაროდ დააფიქსირა, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ადამიანის წარმოშობას.

"მეტიც, უზნეობად მიმაჩნია ამ ასპექტზე ყურადღების გამახვილება, ვისი მხრიდანაც არ უნდა კეთდებოდეს ეს. ჩემი პრეტენზია ბ-ნი ნარმანიას მიმართ მდგომარეობს იმაში, რომ მას არათუ გათავისებული არ აქვს, არამედ საერთოდ არ ესმის დედაქალაქის წინაშე არსებული გამოწვევები და არ გააჩნია უნარი, მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები. სხვა მხრივ, ყველა ვართ საქართველოს მოქალაქეები და ვართ თანასწორი კანონის წინაშე", - ამბობს მელია.

კომენტარები