საკანონმდებლო ცვლილებები

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების პასუხის პასუხი თეა წულუკიანს

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, ოთხშაბათს, 9 ივლისს, საკუთარ ბლოგზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მიწის გასხვისებაზე დაწესებული მორტორიუმის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით წერილი გამოაქვეყნა.

ქართულ მიწას მოფრთხილება სჭირდება, - წერს მინისტრი და საკონსტიტუციო სასამართლოს გულგრილობაში ადანაშაულებს.

ბათუმიდან შემოგვითვალეს, არც ქართული მიწა გვაინტერესებს, არც ხვნა-თესვა და არც სასურსათო უსაფრთხოება და ინვესტიციებიო. ძველადაც გვაქვს რაღაც მსგავსი გადაწყვეტილება გამოტანილი და იმას „დავაკოპიპეისტებთო“, - მწუხარებას გამოთქვამს წულუკიანი. 

ყურადსაღებია, რომ იუსტიციის მინისტრი სასამართლოს გადაწყვეტილებას „დაკოპიპეისტებულს“ უწოდებს.

რეალურად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საკითხი არსებითი განხილვის გარეშე მიიღო, რადგან „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 25-ე მუხლის 4პუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, იმ ფაქტის დადგენისას, რომ სადავო ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად (რაც გასხვისებაზე მორატორიუმის დაწესების შემთხვევაში მოხდა), იგი ვალდებულია გამოიტანოს განჩინება საქმის არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და სადავო აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ. განჩინება გამოდის არა „დაკოპიპეისტებული“, არამედ კანონთან შესაბამისი და პრეცედენტზე დაყრდნობით მიღებული. იუსტიციის მინისტრი, როგორც მინიმუმ, განსხვავებას კანონით დადგენილ ვალდებულებას, პრეცედენტსა და „კოპიპეისტს“ შორის უნდა ხედავდეს.

მორატორიუმი მოხსნეს და ასე უწესებოდ დატოვეს ქვეყანა, - ნერვიულობს მინისტრი. ჩემი სურვილი იქნებოდა, მსგავსი განცხადებების გაკეთებამდე ქალბატონი წულუკიანი უშუალოდ ამ მიმართულებით მომუშავე ხალხს გასაუბრებოდა და შეეტყო თუნდაც ის, რომ პრივატიზაციის პროცესი დოკუმენტურ და საორგანიზციო მხარეს ბევრად უკეთ აწესრიგებს, ვიდრე ეს მორატორიუმის დაწესების შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი.

ქართველ აგრარიკოსთა მოძრაობის დამფუძნებელი, ანდრო ხეთერელი, სწორედ ამას ამტკიცებს. იგი აღნიშნავს იმასაც, რომ ზოგადად სასოფლო-სამეურნეო მიწების აღწერის პრობლემა შეიძლება იდგეს, როდესაც საქმე საერთო საძოვრებს ეხება, რომლის სტატუსიც განსაზღვრული არ არის, თუმცა ამ შემთხვევაში პრივატიზაციის პროცესი ადმინისტრაციულ მოწესრიგებას აჩქარებს და უკეთ მართავს სახელმწიფო და კერძო რესურსებს.

სახნავ-სათეს მიწას, როგორც სპეციალური ტიპის რესურსს, და მით უმეტეს ქართულ მიწას, რომ მოფრთხილება სჭირდება, მეგონა ეს ყველას ესმოდა, - წერს წულუკიანი. „მით უმეტეს ქართული მიწა“ რა მახასიათებლებით არის „მით უმეტეს“ და რითი განსხვავდება იგი სხვა რესურსებისგან, როგორიც არის, მაგალითად, მინერალური წყლის წყაროები, სამშენებლო ბიზნესისთვის განკუთვნილი მიწები - მინისტრი არ აკონკრეტებს. გარდა ამისა, „ქართული მიწა“ ცალკე მდგომი ფენომენი ნამდვილადაც რომ იყოს, უცხო ქვეყნის რეზიდენტების მიერ შეძენილი მიწების ნაწილი იმდენად მიზერულია, რომ ე.წ. საფრთხე, რომელიც მისი აზრით ქართულ მიწას ემუქრება, თითქმის არარსებულია.

საქართველოს ტერიტორიაზე სახნავ-სათესი მიწები 2014 წლის მდგომარეობით 700 000 ჰექტარამდე ფართობზეა გაშლილი. აქედან უცხო ქვეყნის რეზიდენტების მფლობელობაში მხოლოდ 30 000-40 000 ჰექტარია.

წულუკიანს მაგალითად მოჰყავს პოლონეთი და საფრანგეთი, სადაც მოქმედებს მიწის გასხვისებასთან ასოცირებული რეგულაციები. აღსანიშნავია, რომ პოლონეთი და საფრანგეთი მარტო არ არიან ამ მიმართულებით. მკაცრად განსაზღვრულია მიწის გასხვისება, მაგალითად, ავსტრიაშიც, თუმცა რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით არის საქართველო შესადარებელი ზემოხსენებულ ქვეყნებთან, ეს გარკვევით არ არის ახსნილი. არგუმენტი "ევროპის ბევრ ქვეყანაში ასეა" - ყოველთვის ვალიდური არ არის. 

რას ვადარებთ? გასხვისების პროცენტულ მონაცემებს, სრულ ფართობს თუ სახნავ-სათესად ვარგის მიწებს? ჩამოვყალიბდეთ!

გარდა ამისა, ქალბატონმა წულუკიანმა უნდა გაითვალისწინოს ისიც, რომ შეზღუდვების უმეტესობისთვის, რომელიც მიწების გასხვისებაზე წესდება, გვერდის ავლა შესაძლებელია, სამაგიეროდ, უფრო რთულდება და შესაბამისად ტვირთი მომხმარებელზე გადადის, რაც პროდუქციის გაზრდილ ფასებში გამოიხატება. მაგალითისთვის, ავსტრიასა და გერმანიაში არსებობს სერვისები, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მიწის პრივატიზაციაში უწევს დახმარებას. რეგულაციების გვერდის ავლა უმეტესწილად შესაძლებელია, თუმცა აძვირებს ინვესტიციას და ამცირებს ამ ქვეყნების, როგორც საინვესტიციო რესურსის, მიმზიდველობას. ევროკავშირში მოსახლეობა ამას ვერ გრძნობს, რადგან სოფლის მეურნეობის დიდი ნაწილი სუბსიდირებულია სახელმწიფოს მიერ. ასე რომ არ იყოს, მსგავსი რეგულაციები აუცილებლად აისახებოდა პროდუქციის ფასზე. ეს მარტივი არითმეტიკა და ეკონომიკის კანონია. 

საქართველო, რომელსაც აქვს დეკლარირებული პრეტენზია, მოიზიდოს ინვესტორები და იყოს ე.წ. აგრარული ქვეყანა (ესეც გაურკვეველია რას ნიშნავს), არ უნდა აწესებდეს დამატებით შეზღუდვებს ინვესტორებისთვის, რომელთაც ქვეყანაში ინვესტიციის განხორციელება სურთ.

ეკონომიკის მინისტრმა და ვიცეპრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა, კვირას, 6 ივლისს, ბიზნესკურიერში ვიზიტისას დააზუსტა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიწის მიყიდვაზე მორატორიუმის დაწესების შესახებ კანონით აჩერებს მთავრობა, მაგრამ ეს ეხება მხოლოდ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწებს. გარდა ამისა, მინისტრი განმარტავს, რომ იმ მიწებთან დაკავშირებით, რომლებიც უკვე შესყიდული აქვთ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მათ საფრთხე არ ემუქრებთ და შეუძლიათ წყნარად გააგრძელონ ოპერირება. კვირიკაშვილმა არ ახსენა ის ფაქტი, რომ ინვესტორი, რომელიც უცხო ქვეყანაში ინვესტიციას აკეთებს და მით უმეტეს ისეთ რისკიან სექტორში, როგორიც სოფლის მეურნეობაა, ყოველთვის გრძელვადიან პერსპექტივაში უყურებს საკუთარ დაბანდებას და გაფართოებისკენ არის მიმართული.

მსხვილი ბიზნესმენი, რომელმაც გადაწყვიტა ატმის ბაღის გაშენება გორში, თავდაპირველად 20 ჰექტარს იყიდის, მოსინჯავს ნიადაგს, ბაზარს და წარმატების შემთხვევაში ეცდება გაფართოვდეს, დაამატოს საწარმოო ხაზი, დაასაქმოს ადგილობრივი მუშახელი, მისცეს მათ განათლება და შეიძინოს დამატებითი მიწები, რათა თავისი ბიზნესი უფრო მოგებიანი და წარმატებული გახადოს. მორატორიუმის არსებობის შემთხვევაში კი, იგი ხელფეხშეკრული რჩება 20 ჰექტარის ამარა, რომელიც თავდაპირველი ინვესტიცია იყო და, სავარაუდოდ, მოგებაზეც არ გასულა, რადგან ბიზნესის დინამიკა ასეთია: კაპიტალდაბანდება - ლოდინი - მოგება. როგორ ვამშვიდებთ ამ ინვესტორს? - არ ვიცით, ან არ გვაინტერესებს.

მეორე საკითხია პრესტიჟი და რეპუტაცია. მიუხედავად იმისა, დროებითია თუ მუდმივი მორატორიუმი, ამ პრეცედენტის არსებობა უკვე აფრთხობს ინვესტორს, უჩენს დაუველობის და არასტაბილურობის შეგრძნებას და იგი საქართველოს, როგორც პოტენციურ საივნესტიციო ქვეყანას, სოფლის მეურნეობის მიმართულებით სიიდან იღებს.

კვირიკაშვილმა საინვესტიციო გარემოზე მორატორიუმის გავლენაზე თქვა (ასევე ბიზნესკურიერში), რომ მიუხედავად იმისა, რომ მორატორიუმი 2013 წელს მოქმედებდა, სოფლის მეურნეობის სექტორში ბრუნვა გაიზარდა - ის აღარ უთქვამს, რომ ეს უმეტესწილად სახელმწიფო სუბსიდიების ხარჯზე მოხდა. გარდა ამისა, დინამიკა დიდად არც შეცვლილა, საქართველოში სოფლის მეურნეობას სტაბილურად საშუალოდ 8-9% უჭირავს მთლიან შიდა პროდუქტში, 2013 წელს ეს მაჩვენებელი 10%-მდე იყო. გაიზარდა აბსოლუტურ, მაგრამ არა რელატიურ რიცხვებში და ისიც სუბსიდირების პირობებში.

ცალკეულ მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ გორი, სადაც ადგილობრივი აგროსაკონსულტაციო კომპანიის თქმით, მორატორიუმის დაწესების შემდეგ მიწის ფასი დავარდა. თეა წულუკიანს შეუძლია მიაჩნდეს, რომ მორატორიუმი მიწას უფრთხილდება, მაგრამ ფასსაც აგდებს და რესურსს აუფასურებს. არღვევს თუ არა ამით მიწათმფლობელების უფლებებს, როდესაც უზღუდავს საშუალებას თავად აარჩიოს მყიდველი - ამის პასუხი მინისტრისგან უნდა მოვისმინოთ. საბაზრო ეკონომიკის საბაზისო მექანიკაა - რაც უფრო მეტია მყიდველი ფიქსირებულ რესურსზე, როგორიც არის მიწა, მით უფრო იზრდება ფასი. მყიდველის მოქალაქეობის განსაზღვრით, კანონი მიწათმფლობელს ფასის ცვლილების დიაპაზონს უზღუდავს და ფერმერს მოუწევს დასჯერდეს იმაზე ნაკლებ ფასს, ვიდრე მის ქონებას ბაზარი შეაფასებდა. 

მაგალითისთვის, თუ ფერმერი ყიდის 1 ჰექტარ მიწას 5 000 ლარად და საქართველოს მოქალაქე მას სთავაზობს 3000-ს, უცხო ქვეყნის რეზიდენტი კი 6 500-ს, მიწათმფლობელი ვალდებულია ორიდან წაგებიანი ვარიანტი აირჩიოს და 3 500 ლარის ზარალი ნახოს. 

წულუკიანი წერს: ლამაზია მოსამართლის მანტია, მაგრამ უფრო მთავარი მაინც ისაა, რომ საქმის განხილვისას მოსამართლემ ე.წ. პროპორციულობის ტესტი ჩაატაროს და განსაზღვროს, მორატორიუმის დროებითი ზომა რა მიზნით იყო ხელისუფლების მიერ შემოღებული და იყო თუ არა ეს ისეთი მიზანი, რომელიც დანარჩენ სხვა ასპექტებს გადაწონიდა.

საკონსტიტუციო სასამრთლომ მორატორიუმის არაკონსტიტუციურად აღიარების პრეცედენტზე განმარტება გააკეთა და თქვა, რომ პარლამენტმა, როგორც მოპასუხე მხარემ, კანონში ცვლილების შეტანის დასასაბუთებლად დაასახელა ლეგიტიმური მიზნები, როგორიც არის სახელმწიფო და ეკონომიკური უსაფრთხოების დაცვის მიზნით მიღებული ცვლილება, თუმცა ეს ლეგიტიმური მიზნები სასამართლომ შეზღუდვის დაწესების თანაზომიერად არ ჩათვალა და კანონი 2013 წლის რედაქციით არაკონსტიტუცურად ცნო.

სახელმწიფო და ეკონომიკური უსაფრთხოება - განსამარტია, მაგრამ მთავრობა ამას საკმაოდ ბუნდოვნად აკეთებს. ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა, პრემიერობის პერიოდში ამაზე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ იყო გარკვეული პრობლემები სასოფლო- სამეურნეო სექტორში მიწის აღრიცხვიანობასთან დაკავშირებით, თუმცა მორატორიუმი ცუდი იყო ბიზნესებისათვის და აუცილებლად უნდა გაუქმებულიყო.

მიწის აღრიცხვიანობას რაც შეეხება, თუ ქართველი აგრარიკოსები, რომელთაც მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება აქვთ, თვლიან, რომ პრივატიზაციის პროცესში ბევრად ადვილია აღრიცხვა, მთავრობას - რომელსაც უშუალო ყოველდღიური შეხება ამ საკითხთან არ ჰქონია - რატომ ჰგონია, რომ მორატორიუმის დროს უკეთ მოხდება იმავე პროცედურების ჩატარება, არ ასაბუთებს.

ეკონომიკური უსაფრთხოების არგუმენტი საერთოდ გაუგებარია.

თუ საუბარია ხელსაყრელ საფასო პოლიტიკაზე, რომ ქართველ მომხმარებელს არ გაუძვირდეს სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია - მორატორუმის დაწესება და ბაზარზე არსეული მოთამაშეების შემცირება პირდაპირპროპორციულად ზრდის ფასს პროდუქციაზე.

თუ სახელმწიფო გულისხმობს სუვრენიტეტის დაცვას, როგორც სახელმწიფო ინტერესს, მიწების საკუთრებაში გადაცემა არსად და მათ შორის არც საქართველოში არ არღვევს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. ინვესტორს არ აქვს არც უფლება და ეჭვია, რომ არც სურვილი, საკუთარ მფლობელობაში არსებული მიწა სახელმწიფოდ გამოცხადოს და შემოსაზღვროს. ამისი პრეცედენტი საქართველოში არ არსებობს. 

წულუკიანი ასევე საუბრობს გამონაკლისებზე, რომელიც მორატორიუმზე არის დაშვებული. ამაზე მინისტრმა კვირიკაშვილმაც ისაუბრა, რომ მათ მოხსნეს შეზღუდვა ბანკებისათვის, რომელთა თანამფლობელებიც შესაძლოა უცხო ქვეყნის რეზიდენტები იყვნენ და მათ უწევთ მიწის დასაკუთრება, რათა შემდეგ გადაყიდონ. ეს მართლაც ასე გაკეთდა, თუმცა ეს დამკვიდრებულ პრეცედენტზე ნაკლებად ახდენს გავლენას. ინვესტორს უკვე მიღებული აქვს სიგნალი, რომ ეს ბაზარი არასტაბილურია და სახელმწიფოს დეკლარირებული ნებაა, არ გაასხვისოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები უცხო ქვეყნის რეზიდენტებზე.

"საქართველოს გვართმევენ" პათოსით შეპყრობილ მოსახლეობას წულუკიანი ამშვიდებს, რომ მთავრობამ უკვე ამ თვეში შეიტანა პარლამენტში დასამტკიცებლად რეგულაციები, რის შემდეგაც დაცული იქნება როგორც ქართული მიწა და მისი სასოფლო-სამეურნეო ხარისხი, ასევე უცხოელი ინვესტორის ინტერესიც.

ქართული მიწა, სასოფლო-სამეურნეო მიწის ხარისხი და ინვესტორის დაცულობა - აბსოლუტურად გაუგებარი, ბუნოვანი ტერმინებია, ან როგორ აპირებთ ამას, აუხსენით მოსახლეობას, ქალბატონო თეა. აგვიხსენით, რომელ ქვეყანაშია პრეცედენტი, როდესაც არსაჭირო შეზღუდვები ინვესტორს იცავს და ბიზნესს ავითარებს, ან რაზე დაყრდნობით ფიქრობთ, რომ ქართველი ფერმერი უკეთ დაიცავს სახნავ-სათესი მიწის ხარისხს, როდესაც დღესდღეობით სახნავ-სათესი მიწების 50%-იც არ მუშავდება და მათ გაუდაბნოება ემუქრება. ან ის აუხსენით მოსახლეობას, როგორ ილახება ქართული მიწის ერთიანობა და სუვერენიტეტი იმ უცხოელი ინვესტორის მიერ, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას იძენს ქვეყნის ტერიტორიაზე, იმ უცხოელთან შედარებით, რომელიც, ვთქვათ, თბილისში ბინას იყიდის.

ამიტომ: მყარი ფაქტები პათოსის ნაცვლად, თუ შეიძლება.

კომენტარები