პოლიციელის ცემა

ენმ: პირები, რომლებმაც პოლიციელს სცემეს, ჭიკაიძის ბრძანებით გაათავისუფლეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ბათუმში, პოლიციელის ცემის ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს. პარტიის წევრის რაულ თავართქილაძის განცხადებით, 26 მაისს პოლიციის თანამშრომელი ილია კუკულაძე მოჭიდავეებმა სცემეს, რომლებიც შემთხვევიდან მალევე დააპატიმრეს. მისივე განმარტებით, დაპატიმრებული მოჭიდავეები შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის დავალებით აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსმა დავით თამაზაშვილმა გაათავისუფლა. რაულ თავართქილაძე საგამოძიებო ორგანოებს საქმის დროულად გამოძიებისკენ მოუწოდებს.

"მოხდა ძალიან ცუდი ფაქტი. 26 ივნისს ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე ცემეს ქალაქ ბათუმის შინაგან საქმეთა სამმართველოს მეხუთე განყოფილების თანამშრომელი ილია კუკულაძე, რომელიც სახეზე მიყენებული დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. დანაშაულის ფაქტზე დააკავეს პირები, რომელიც შემდგომში, შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის დავალებით აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსმა დავით თამაზაშვილმა გაათავისუფლა. ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი, რადგან პოლიციელიც დაუცველია და მისი ცემისთვის დაკავებული პირები ისევ პოლიციის ხელმძღვანელობამ გაათავისუფლა", - აღნიშნა რაულ თავართქილაძემ და დასძინა, რომ ილია კუკულაძე შემთხვევის დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებას სიცრუეს უწოდებს. შსს-ს ცნობით, ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება ხულიგნობის მუხლით.

კომენტარები