კრიზისი უკრაინაში

უკრაინის ხელისუფლება გათავისუფლებულ ქალაქებს წმენდს და დახმარებას გზავნის

VKontakte

უკრაინის შეიარაღებული ძალები სეპარატისტებზე შეტევას განაგრძობენ. გუშინ მათი კონტროლის ქვეშ კიდევ ორი ქალაქი - კონსტანტინოვკა და დრუჟკოვკა გადავიდა. სეპარატისტებმა ძალოვნებს რამდენიმეჯერ ცეცხლი გაუხსნეს, თუმცა სამხედროებს სერიოზული ზარალი არ მიუღიათ. სეპარატისტებმა ქალაქ დონეცკში დაიხიეს, სადაც პოზიციებს ამაგრებენ. სამხედროები  გათავისუფლებული ქალაქების წმენდას განაგრძობენ. ამოღებულია დიდი რაოდენობით იარაღი, რომლის უმეტესობა რუსული წარმოებისაა. მიმდინარეობს სეპარატისტთა გამოვლენა და დაკავება.

"ჩვენი მიზანი ამ ეტაპზე შესრულებულია. იმის გამო, რომ ტერორისტებმა არ შეწყვიტეს თავდასხმები, პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება ანტიტერორისტული ოპერაციის აქტიური ფაზის დაწყების შესახებ. ზოგიერთი მედიასაშუალება იტყობინებოდა უკრაინული ძალების ცეცხლის შედეგად ქალაქების ნგრევისა და მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის შესახებ.  ეს არ მომხდარა და არასოდეს მოხდება", - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ვალერი გელეტეიმ.

უკრაინის ხელისუფლებამ გათავისუფლებულ ქალაქ სლავიანსკში ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა. მოსახლეობას საკვებ პროდუქტებს და პირველადი საჭიროების საგნებს ურიგებენ.  პროდუქტების დანაწილებაში მოხალისეებს სამხედროები ეხმარებიან. ქალაქში არ არის ელექტროენერგია და წყალი. ადგილობრივები აცხადებენ, რომ უკრაინული არმიის შემოსვლას ელოდნენ.

კომენტარები