გიგი უგულავას საქმე

ნადირაშვილი: უგულავას დაკავებამ ცხადყო, რომ ქვეყანაში სრული განუკითხაობაა

news.ge

უგულავას დაკავება ნიშნავს, რომ ივანიშვილის მონები სრულ აგონიაში არიან - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში სრული განუკითხაობაა.

”მე პირადად ვიყავი იქ (მარნეულში). ნამდვილად არ მენაღვლება, რა ბრალს წარმიდგენენ ან არ წარმიდგენენ. ჩემთვის სამწუხაროა ის, რომ პოლიტიკური წინააღმდეგობისთვის, სიტყვით გამოხატული წინააღმდეგობისთვის ადამიანის ციხეში გამომწყვდევა უნდათ. სასამართლომ შემდეგ დაადასტურა, რომ ჩვენ ვიქცეოდით სწორად, იმიტომ რომ მარნეულში ჩვენი კანდიდატი მოხსნეს და ჩვენ ვიცავდით ჩვენს უფლებებს”, - განაცხადა ნადირაშვილმა.

გიგი უგულავას უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ედავებიან. უგულავას ბრალი წაუყენეს ასევე მარნეულის ეპიზოდთან დაკავშირებით - იძულების (სსკ 150) და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების (სსკ 225) მუხლებით. საქმე 5 ივნისს მარნეულში მომხდარ ფაქტს ეხება, სადაც ნაციონალური მოძრაობის გამგებლობის კანდიდატს აკმამედ იმამკულიევს მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიამ რეგისტრაცია გაუუქმა. გიგი უგულავა და პარტიის სხვა ლიდერები სწორედ ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ.

მას შემდეგ, რაც სასამართლომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერს, პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელ გიგი უგულავას სიტი პარკის საქმეზე აღკვეთის ღონისძიება არ შეუფარდა, უგულავა აეროპორტში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა 3 ივლისს დააკავეს. ის კიევში მიფრინავდა, თუმცა, მას გაფრენის საშუალება არ მისცეს.

გიგი უგულავა კიევში უკრაინის პატრიარქ ფილარეტთან შესახვედრად მიდიოდა. ის უკან დაბრუნებას საღამოსვე აპირებდა, მან ჟურნალისტებს უკან დასაბრუნებელი ბილეთიც აჩვენა.

კომენტარები