გიგი უგულავას საქმე

წულუკიანი უგულავას დაკავებაზე: არ მიმაჩნია, რომ ეს არის მორატორიუმის დარღვევა

გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ამბობს, რომ მორატორიუმი არ ნიშნავს კანონსა და კონსტიტუციას. მისი თქმით, "მორატორიუმი არ არის იმუნიტეტი, რომ მორატორიუმი რადგან არის, რაც გინდა, ის აკეთო და როდესაც გამოძიებას შენთან კითხვები აქვს, გადაწყვიტო, რომ უნდა მიიმალო ქვეყნიდან".

"მორატორიუმი არ არის კანონი, მორატორიუმი არ არის კონსტიტუცია, ეს არის მმართველი ძალის და მისი ხელმძღვანელის კეთილი პოლიტიკური ნების გამოხატულება. მოხდა ერთი გამონაკლისი უგულავას შემთხვევაში, როდესაც ჩათვალეს, რომ ეს ბრალდებული არ იქცეოდა ისე, როგორც ეს იყო გამოძიების ინტერესებში. ვერავინ ვერ აუკრძალავს სამართადამცველ ორგანოს, დაიცვას კანონი. კანონი ყველასთვის არის ერთი. აქედან გამომდინარე, უგულავასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟის საფუძველს მე ვერ ვხედავ და მით უფრო არ მიმაჩნია, რომ ეს არის მორატორიუმის დარღვევა. მორატორიუმი არ არის იმუნიტეტი, რომ მორატორიუმი რადგან არის, რაც გინდა, ის აკეთო და როდესაც გამოძიებას შენთან კითხვები აქვს, გადაწყვიტო, რომ უნდა მიიმალო ქვეყნიდან", - აღნიშნა წულუკიანმა.

პროკურატურა გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. შესაბამისი შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე შევიდა. პროცესი ჯერ არ არის ჩანიშნული.

დაკავებულ გიგი უგულავას ბრალი ე.წ. მოდულის შენობაში წაუყენეს. მას უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ედავებიან.

უგულავას ბრალი წაუყენეს ასევე მარნეულის ეპიზოდთან დაკავშირებით - იძულების (სსკ 150) და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების (სსკ 225) მუხლებით.

უგულავას ადვოკატის გიზო უგლავას თქმით, საქმისთვის ე.წ. მარნეულის ეპიზოდის დამატება სიურპრიზი აღმოჩნდა, თავად უგულავა კი დაკავებას პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებს.

"ყველასათვის სიურპრიზია ალბათ, რომ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას დაემატა მარნეულის ეპიზოდი. მარნეულის ეპიზოდი, რომელშიც ბრალი წარედგინა ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისთვის და იძულებისთვის. რა თქმა უნდა, თავს არ ცნობს დამნაშავედ, მიიჩნევს, რომ არის უკანონოდ დაკავებული და გამომძიებელთან უკვე დავაყენეთ შესაბამისი მოთხოვნა, როგორც უკანონოდ დაკავებულის გათავისუფლების შესახებ. მასალების ნაწილი ახლა გადმოგვეცა. გავეცნობით და თუკი არ გათავისუფლდება, როგორც უკანონოდ დაკავებული, წარვდგებით სასამართლოში. უგულავა არ ცნობს თავს დამნაშავედ და მიიჩნევს, რომ უკანონოდ დაკავებულია პოლიტიკური მოტივების გამო", - აღნიშნა უგლავამ.

რაც შეეხება მარნეულის ეპიზოდს, საქმე 5 ივნისს მარნეულში მომხდარ ფაქტს ეხება, სადაც ნაციონალური მოძრაობის გამგებლობის კანდიდატს აკმამედ იმამკულიევს მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიამ რეგისტრაცია გაუუქმა. გიგი უგულავა და პარტიის სხვა ლიდერები სწორედ ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ.

მას შემდეგ, რაც სასამართლომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერს, პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელ გიგი უგულავას სიტი პარკის საქმეზე აღკვეთის ღონისძიება არ შეუფარდა, უგულავა აეროპორტში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა 3 ივლისს დააკავეს. ის კიევში მიფრინავდა, თუმცა, მას გაფრენის საშუალება არ მისცეს.

გიგი უგულავა კიევში უკრაინის პატრიარქ ფილარეტთან შესახვედრად მიდიოდა. ის უკან დაბრუნებას საღამოსვე აპირებდა, მან ჟურნალისტებს უკან დასაბრუნებელი ბილეთიც აჩვენა.

 

კომენტარები