ასოცირების შეთანხმება

პრეზიდენტი: შეთანხმების რატიფიცირება და ვალდებულებების შესრულება კომპლექსურია

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, "ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება და ვალდებულების შესრულება კომპლექსური პროცესია". როგორც მარგველაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, ამ ვალდებულების შესრულება დახვეწს როგორც საკანონმდებლო ბაზას, ასევე სახელმწიფოს მართვას.

"ეს არის კომპლექსური პროცესი, იცით, რომ რატიფიკაცია უნდა მოხდეს არა მხოლოდ საქართველოს პარლამენტში, არამედ ევროპულ პარლამენტებში. მე გუშინ საუბარი მქონდა პოლონეთის პრეზიდენტთან. იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი დაჩქარდება ჩვენს მეგობარ ქვეყნებში, მაგრამ რატიფიკაციის შემდეგ არის მთელი რიგი კანონები, რეგულაციები, რომლებიც გასატარებელია. ეს არა მხოლოდ ვალდებულებაა, არამედ ეს არის ვალდებულებები, რომლებიც თვისობრივად დახვეწს ჩვენს საკანონდებლო ბაზას, სახელმწიფო მართვას. ეს გასაკეთებელია, მაგრამ ეს არ არის რთული, რადგან ეს იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის სიკეთის მომტანი", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

27 ივნისს საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. 

კომენტარები