გიგი უგულავას საქმე

ბოკერია: შემდეგ არჩევნებზე ქართული ოცნება მწარე მარცხს განიცდის

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია დარწმუნებულია, რომ ქართული ოცნება შემდეგ არჩევნებზე მარცხს განიცდის. ბოკერიას თქმით, სწორედ ამით არის გამოწვეული ხელისუფლების პანიკა, რაც პოლიტიკურ დევნაში გამოიხატება. ბოკერიამ გიგი უგულავას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვა შეაფასა. 

"სამწუხაროდ, ეს ფაქტი არ ყოფილა მოულოდნელი, ეს არის უნიათო, არაფრის გამკეთებელი, არაკომპეტენტური ხელისუფლების მხრიდან იმავე ხაზის გაგრძელება – პოლიტიკურ დევნაზე აქცენტის გაკეთება, როდესაც სხვა ვერაფერს აკეთებ, პირველ რიგში კი იმას, რისთვისაც ისინი აირჩიეს. ეს არაფერს კარგს არ მოუტანს, ძალიან ცუდად მოუტრიალდებათ, მაგრამ როგორც მრავალჯერ გვითქვამს, ამ პროცესში ისინი აზიანებენ ქვეყანას, რაც ძალიან სამწუხაროა. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, როგორც შეეფერება დემოკრატიულ ოპოზიციას და დარწმუნებული ვარ, მით უმეტეს, ამ არჩევნების შედეგების შემხედვარე, რომ შემდეგ არჩევნებზე ისინი მწარე მარცხს განიცდიან, და სწორედ ეს არის, რაც მათ ყველაზე მეტად აღელვებთ და მათ უფროსს, ოლიგარქ ივანიშვილს", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

იგი ასევე გამოეხმაურა ქართული ოცნების პრესსპიკერის გიორგი გეგეჭკორის განცხადებას, რომ მორატორიუმი მხოლოდ დაკავებებს შეეხებოდა და არა დაკითხვაზე დაბარებას და აღნიშნა, რომ ესეც ისეთივე სიცრუეა, როგორც თითქმის ყველაფერი, რაც კოალიციისგან ისმის. 

"მორატორიუმის არსი იმაში მდგომარეობდა, რომ სანამ საარჩევნო კამპანია მიდის, იმ ტიპის საქმეებზე, რომლებიც მყისიერ საფრთხეს არ უქმნის საზოგადოებას და ძალადობრივი დანაშაული არ ხდება, არავინ არ უნდა დაეკითხათ, რომ პროცესს ხელი არ შეეშალოს. ამაზე იყო საუბარი, დაიჭირეს ჩვენი რამდენიმე კანდიდატი, წინასწარ პატიმრობაშია იმ ტიპის ვითომ დანაშაულზე, რომლისთვისაც, მათივე განცხადებით, აღკვეთის ღონისძიება საერთოდ არ უნდა ყოფილიყო", - განაცხადა ბოკერიამ და აღნიშნა, რომ უგულავასთვის ბრალის წარდგენით, მთავრობამ "პატარა შეთანხმებაც კი დაარღვია".

"მათი პანიკა გასაგებია, ამ არჩევნების შედეგების შემდეგ, მაგრამ ისევე როგორც ყველაფერი სხვა, არის არაადეკვატურად გამოხატული", - დასძინა გიგა ბოკერიამ.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გიგი უგულავას ბრალი წაუყენა. მას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობის თანხების გაფლანგვას ედავებიან. საქმე სიტი პარკსა და თბილისის მერიას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ეხება.

"თბილისის მერმა გიგი უგულავამ ცენტრალური ბიუჯეტის განზრახ იგნორირებით კანონთან შეუსაბამო ბრძანების საფუძველზე სიტი პარკისთვის დამატებითი შეღავათების დაწესებით კომპანიის სასარგებლოდ მთლიანობაში გაფლანგა სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა 1 086 718 ლარი. საქმეზე გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით", - აცხადებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და აღნიშნავს, რომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლოსადმი მიმართვის გადაწყვეტილებას პროკურატურა მიიღებს.

კომენტარები