გიგი უგულავას საქმე

ქართული ოცნება: მორატორიუმი ეხება დაკავებებს და სასამართლო პროცესებს

ქართული ოცნების პრესსპიკერის გიორგი გეგეჭკორის განცხადებით, წინასაარჩევნო მორატორიუმი დაკავებებს და სასამართლო პროცესებს ეხებოდა. მისივე თქმით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიგი უგულავა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მოწმის სახით დაიბარეს დაკითხვაზე.

"გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არის მოწმის დაკითხვის აუცილებლობა. მორატორიუმი ეხება დაკავებებს და სასამართლო პროცესებს. გამოძიება საჭიროებს დაკითხვას და არის გადაუდებელი პროცედურები" - განაცხადა გეგეჭკორმა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს გიგი უგულავას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში კითხავენ. უგულავას განცხადებით, მისი დაკითხვაზე დაბარებით მთავრობამ წინასაარჩევნო მორატორიუმი დაარღვია.

ცნობისთვის, 14 აპრილს, ირაკლი ღარიბაშვილმა წინასაარჩევნო დაკავებებზე მორატორიუმი გამოაცხადა. პრემიერმა სამართალდამცავებს მოუწოდა, თავი შეიკავონ იმ ადამიანების დაკავებისგან, რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად არიან ჩართულნი. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა კი პოლიტიკურ პარტიებს სთხოვა, რომ უწყებათაშორის კომისიას აქტივისტების, შტაბების წევრებისა და ხელმძღვანელების სიები წარუდგინონ.

კომენტარები