გიგი უგულავას საქმე

ბოკერია: უგულავას დაკითხვაზე დაბარება იაფფასიანი ნაბიჯია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივნის გიგა ბოკერიას შეფასებით, ენმ-ის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიგი უგულავას დაკითხვაზე დაბარება იაფფასიანი ნაბიჯია. მისივე განცხადებით, უგულავა გამოძიებასთან თანამშრომლობს.

"მიუხედავად იმისა, რომ ყველასთვის ნათელია, ეს გამოძიება პოლიტიკური დაკვეთა და პოლიტიკური ოპონენტის დევნაა. კერძოდ, აი, ეს ნაბიჯი, რომ ვერ მოითმინეს მეორე ტურის ბოლომდე და დაკითხვაზე დაიბარეს, როცა იცოდნენ, რომ მნიშვნელოვანი შეხვედრით მიდიოდა ევროსაბჭოს შესაბამის სტრუქტურაში, არის იაფფასიანი ნაბიჯი იმ ხალხის, რომელმაც ვერ გაიგო და, როგორც ჩანს, ვერასოდეს გაიგებს იმას, რომ ქვეყანაში მთავრობას ირჩევენ საარჩევნო დაპირებების შესასრულებლად და ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების გადასაწყვეტად", - განაცხადა ბოკერიამ.

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა დღეს 12:00 საათზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზეა დაბარებული. როგორც უგულავა აღნიშნავს, მისთვის უცნობია, კონკრეტულად რა საკითხზე დაიბარეს უწყებაში. როგორც ყოფილი მერი facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, უწყება მას 28 ივნისს გვიან საღამოს გადაეცა. უგულავა აღნიშნავს, რომ უცხოეთში ვიზიტი ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა გადაწყვიტა დარჩეს და დაკითხვაზე გამოცხადდეს.

„ცხადია, პროვოკაციას მიწყობენ, ნერვებს მისინჯავენ. წვრილმანი მავნებლები არიან. ბატონო ჰაკიმ, იცოდეთ - ყველაფერი, რაც არ გკლავს, გაძლიერებს. P.S. ძალიან მაინტერესებს 30 ივნისის მერე, რა მიზეზს მოიფიქრებენ“, - აღნიშნავს უგულავა.

დღესვე ნაციონალური მოძრაობა უგულავას დაკითხვაზე დაპარების საპასუხოდ მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას გამართავს მოწოდებით - „ევროპაში პოლიტიკური დევნის გარეშე“. ოპოზიცია ასევე ითხოვს, გიგი უგულავას დაკითხვის ფაქტი უწყებათაშორისმა კომისიამაც განიხილოს.

კომენტარები