კონგრესმენების ვიზიტი

ამერიკელი კონგრესმენები პრემიერმინისტრს და ოპოზიციას შეხვდნენ

საქართველოში ვიზიტით მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაციასთან საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამუშაო სადილი გამართა. პრემიერის პრესსამსახურის ცნობთ, მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები განიხილეს.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა საქართველო-ამერიკას შორის გაფორმებული ქარტიის ფარგლებში წარმატებული თანამშრომლობის შესახებ.

საუბარი შეეხო ევროკავშირთან ხელმოწერილ ასოცირების ხელშეკრულებასა და საქართველოს სუვერენიტეტთან დაკავშირებულ საკითხებს.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა გამოხატა მადლიერება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროინტეგრაციის პროცესებისადმი ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერისთვის.

მხარეებმა მსოფლიო უსაფრთხოების საკითხებზეც იმსჯელეს. აღინიშნა NATO-ს მისიებში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობა.

კონგრესის დელეგაციის წევრები ნაციონალური მოძრაობის წევრებსაც შეხვდნენ. საერთაშორისო საკითხებში ნაციონალური მოძრაობს მდივანმა გიგა ბოკერიამ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ დელეგაციის ვიზიტი მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმასთან დაკავშირებთ, რომ მას სენატორი ბენ კარდინი ხელმძღვანელობს, „რომელიც საქართველოს დიდი ხნის მეგობარი და მაგნიტსის აქტის ერთ-ერთი შემქმნელია".

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ტიპის ფიგურებმა და სხვა კონგრესმენებმა ადგილზე შეისწავლონ ვითარება, რომ მათი ინტერესთა ფოკუსი საქართველოს მიმართ იყოს ისეთივე მაღალი, როგორიც იყო წლების განმავლობაში. ეს შეხვედრა სწორედ იმისთვის გამოვიყენეთ, რომ გაგვეცვალა ჩვენი აზრები უსაფრთხოების საკითხებზე, რეგიონულ გამოწვევებზე, ქვეყნის შიგნით არსებულ ვითარებაზე და დემოკრატიის პრობლემებზე", - განაცხადა ბოკერიამ.

როგორც, თავის მხრივ, საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, კონგრესმენებმა კიდევ ერთხელ დადასტურეს აშშს-ს მხარდაჭერა საქართველოსადმი. „ჩვენ მივაწოდეთ მათ ინფორმაცია იმ გამოწვევების შესახებ, რომელთა წინაშე დგას საქართველო. ეს გამოწვევები ეხება როგორც ქვეყნის შიდა ეკონომიკურ, ასევე დემოკრატიის კონსოლიდაციის მხრივ არსებულ პრობლემებს. კერძოდ, იმას, რომ საქართველოში ადგილი აქვს პოლიტიკური დევნას და შერჩევით სამართალს. ასვე საუბარი იყო საერთაშორისო გამოწვევებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე" - განაცხადა ჯაფარიძემ. მისი თქმით, საუბარი შეეხო ასევე ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებას აშშ-სთან და მოლაპარაკებებსი დაწყებას თავისუფალ ვაჭრობაზე.

აშშ-ს კონგრესის დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც სენატორი ბენ კარდინი ხელმძღვანელობს, სენატორი ტომ ჰარკინი და კონგრესმენები რობერტ ადერჰოლტი, ადამ შიფი, ფილ გინგრი და კონგრესმენი დევიდ შვაიკერტი არიან.

კომენტარები