კრიზისი უკრაინაში

პუტინის თქმით, ევროპული არჩევანი უკრაინისთვის ხელოვნურად არის თავსმოხვეული

რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ევროპული არჩევანი უკრაინისთვის ხელოვნურად არის თავსმოხვეული, რამაც ქვეყნის ორად გახლეჩა გამოიწვია. ვლადიმირ პუტინის განცხადებით, სიტუაცია უკრაინაში მას განსაკუთრებით აშფოთებს, ქვეყანაში ხელსუფლების შეცვლას კი, რუსეთის პრეზიდენტმა ანტიკონსტიტუციური გადატრიალება უწოდა.

საქართველოსა და მოლდოვასთან ერთად ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას დღეს ბრიუსელში უკრაინის პრეზიდენტმაც მოაწერა ხელი. პეტრო პოროშენკომ და ევროკავშირის ლიდერებმა შეთანხმების ეკონომიკური ნაწილი გააფორმეს. დოკუმენტის პოლიტიკურ ნაწილს პრემიერმა იაცენიუკმა ხელი ჯერ კიდევ მარტის თვეში მოაწერა. პეტრო პოროშენკომ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა იგივე კალმით გააფორმა, რომელიც გასული წლის ნოემბერში, ვილნიუსის სამიტზე პრეზიდენტ იანუკოვიჩს უნდა გამოეყენებინა. მაშინ იანუკოვიჩმა ბოლო მომენტში უარი თქვა ხელმოწერაზე, რასაც უკრაინაში მასობრივი გამოსვლები, სისხლისღვრა და იანუკოვიჩის რეჟიმის დამხობა მოჰყვა.

გუშინ საღამოს პრორუსმა ტერორისტებმა ქალაქ სლავიანსკთან უკრაინელ ძალოვანებზე შეტევა განახორციელეს, რომელშიც ტერორისტებმა ტანკი, ჯავშანტექნიკა და გრადის ტიპის დანადგარები გამოიყენეს. უკრაინელმა ძალოვნებმა შეტევა მოიგერიეს და რუსული ტანკი გაანადგურეს. შეტაკებისას ერთი სამხედრო დაიღუპა. დონეცკში კი ტერორისტებმა ეროვნული გვარდიის ნაწილი შტურმით აიღეს. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტერორისტებს დანებებისთვის რამდენიმე საათი მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში ადეკვატური და მკაცრი ზომებით დაემუქრა.

კომენტარები