ასოცირების შეთანხმება

ბოკერია: ნებისმიერი ნაბიჯი ევროპისკენ არის შესაძლებლობა, მეტად დავიცვათ თავი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივნის გიგა ბოკერიას განცხადებით, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ საფრთხეები არ გაქრება, "მაგრამ ნებისმიერი ნაბიჯი ევროპისკენ, ევროატლანტიკური სივრცისკენ არის შესაძლებლობა, უფრო მეტად დავიცვათ თავი". როგორც ბოკერიამ მაესტროს ცხრიანში ჩართვისას თქვა, ალტერნატივა არ აქვს იმ გზას, რა მიმართულებითაც საქართველომ ხვალ უნდა გადადგას ნაბიჯი. ენმ-ის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა საკმარისი არ არის.

"სწორედ ამიტომ ვილტვით, მათ შორის NATO-სკენ და ამიტომ გვინდა სრულფასოვანი წევრობა, მაგრამ მერეც კი, ქვეყანა ყოველთვის უნდა იყოს მზადყოფნაში და მობილიზებული როგორც ესტონეთი, ლიტვა, პოლონეთი.. ჩვენ უნდა გვესმოდეს ყველას - რას ვადარებთ, რა ალტერნატივაზე ვსაუბრობთ? ჩვენ გვაქვს ძალიან ტრაგიკული მაგალითი ცუდი იანუკოვიჩის უკრაინის, რომელმაც არ გადადგა ნაბიჯები ამისკენ, რომელიც წავიდა გარიგებაზე კრემლთან ფუნდამენტურ საკითხებში სწორედ იმ გათვლით, რომ რაღაც ავტონომიას შეინარჩუნებდა და სახელმწიფოებრობას საფრთხე არ დაემუქრებოდა. ზოგიერთები ასე თვლიდნენ" - განაცხადა ბოკერიამ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ "რუსეთის ფედერაციის სამიზნე არის ქართული სახელმწიფოებრიობა, ჩვენი თავისუფლება, ჩვენი კეთილდღეობა, ამიტომ, ალტერნატივა იმ გზას, რა მიმართულებითაც საქართველომ ხვალ უნდა გადადგას ნაბიჯი, არ აქვს. ჩვენ ღრმა რწმენით უნდა გავაგრძელოთ გზა ამ მიზნისკენ, მაგრამ ვიყოთ ფხიზლად".

საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ხელს ხვალ, თბილისის დროით 11:00-ზე მოაწერს.

კომენტარები