ასოცირების შეთანხმება

ბოკერია: მზად უნდა ვიყოთ რუსეთის მხრიდან კომპლექსური ზეწოლისთვის

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივნის გიგა ბოკერიას შეფასებით, "ჩვენი მზაობა რუსეთისგან მომავალ ეკონომიკურ საფრთხეებზე უნდა იყოს ჯანსაღი ეკონომიკა". ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა მაესტროს ცხრიანში ჩართვისას, ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, რუსეთისგან მომავალ შესაძლო საფრთხეებზე ისაუბრა.

გიგა ბოკერიას თქმით, რუსეთის მიერ სავაჭრო ბერკეტების გამოყენების შემთხვევაში, "ყველაზე სახიფათო არის ის ეკონომიკის სტაგნაცია, რასაც ვხედავთ და ეკონომიკური უწიგნურობის პოლიტიკა, რომელსაც დღევანდელი ხელისუფლება ახორციელებს". ენმ-ის საგარეო ურთიერთობათა მდივნის შეფასებით, ასეთ პირობებში რუსეთის ბაზრის დახურვა იქნება კიდევ ერთი დარტყმა. ბოკერიას თქმით, 2006 წელს, როდესაც საქართველო რუსეთზე იყო დამოკიდებული, რუსული ემბარგო სერიოზული დარტყმა აღმოჩნდა, "მაგრამ იმის გამო, რომ საქართველო მიდიოდა წინ ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, ამის გადალახვა მოხერხდა ეკონომიკის ჩამოშლის გარეშე".

"რუსეთის ბერკეტები ამით არ მოიწურება, მზად უნდა ვიყოთ კომპლექსური ზეწოლისთვის, გართულებები იქნება უსაფრთხოების თვალსაზრისით, შიდა პოლიტიკური პროვოკაციების თვალსაზრისით, პირველ რიგში, ოკუპირებული ტერიტორიების მხრიდან, ასევე მათი მთავარი თამაში, როდესაც ყოველთვის ცდილობენ ხოლმე ეთნიკურ ნიადაგზე კონფლიქტებზე ინვესტიციის ჩადებას. იქნება შიგნით გააქტიურება იმ პოლიტიკური ძალებისა, რომლებიც არიან დაკავშირებული კრემლთან. ასეთი ძალები გვყავს როგორც მთავრობის გარეთ, ასევე მმართველი კოალიციის შიგნით. ყველაზე სახიფათო მომენტი იქნება მაშინ, როცა ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ უცებ სამოთხე არ დადგება. მოლოდინები, რომ ეკონომიკური მდგომარეობა ძალიან სწრაფად გაუმჯობესდება, არ განხორციელდება, მათ შორის ჩვენი მთავრობის ცუდი ეკონომიკური პოლიტიკის გამო. რაღაც პერიოდის შემდეგ, ფრაზებს და ლოზუნგებს ისვრიან ჩასაფრებული ძალები, რომ - "ხომ ხედავთ ევროკავშირში არ გვიღებენ, NATO-ში არ გვიღებენ, ასოცირების ხელშეკრულებამ და ვაჭრობამ არაფერი მოგვიტანა, აქეთ არის პუტინი, რომელიც რეალურ საფრთხეებს გვიქმნის და მოდი, გადავეწყოთ". ეს იქნება ის ხაზი, რასაც დღესაც აფიქსირებენ და შემდეგში გააქტიურებენ ამ გზავნილს" - განაცხადა ბოკერიამ და აღნიშნა, რომ ამისთვის საზოგადოება და პოლიტიკური კლასი მზად უნდა იყოს.

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას საქართველო ხელს ხვალ მოაწერს.

კომენტარები