საქართველოს მთავარი პროკურატურა

კახეთის მხედრიონის ყოფილი უფროსი მადლენა ზვორიკინა-ბერძენიშვილი დააკავეს

აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ კახეთის რეგიონის მხედრიონის ყოფილი უფროსი, 1949 წელს დაბადებული მადლენა ზვორიკინა-ბერძენიშვილი დააკავა. ქართული მხარე მას ბანდიტიზმის და 4 პირის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის ეძებდა. საქართველოში ექსტრადიციის შემდეგ, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მადლენა ზვორიკინა-ბერძენიშვილს ბრალი წაუყენა. 

გამოძიების ვერსიით, 1993 წელს, მადლენა ზვორიკინა-ბერძენიშვილმა ა.როშჩინთან, ე.ფოკინთან, ვ.ვერკეტისთან, ვ.კისილოვთან და სხვა პირებთან ერთად, სხვისი ქონების დაუფლების მიზნით, გურჯაანის რაიონში ჩამოაყალიბა შეიარაღებული ბანდიტური ჯგუფი, რომელიც მოქმედებდა კახეთის ტერიტორიაზე. მადლენა ზვორიკინა-ბერძენიშვილმა ჯგუფის წევრებს შეუძინა ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღები, ყალბი მართვის მოწმობები, საქართველოს შინაგან საქმეთა, უშიშროების, თავდაცვის სამინისტროებისა და მაშველთა კორპუსის მოწმობები, რომელთა საშუალებითაც ჯგუფის წევრები დანაშაულებრივი მიზნების განსახორციელებლად თავისუფლად გადაადგილდებოდნენ საქართველოს ტერიოტორიაზე.

"1993 წლის 8-9 აგვისტოს, მოსკოვში, გიორგი იმერლიშვილისა და მიხეილ ყანჩაშვილის მკვლელობის კვალის დაფარვისა და მათი ქონების ხელში ჩასაგდებად, მადლენა ზვორიკინა-ბერძენიშვილის მითითებით,  გურჯაანის საავტომობილო გზაზე, ყაჩაღური თავდასხმის შედეგად,  ა.როშჩინმა, ა.ფოკინმა, ა.კისილოვმა და სხვებმა მაკაროვი-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს გიორგი იმერლიშვილის ძმა, შს სამინისტროს თანამშრომელი, ვიცე-პოლკოვნიკი ვასილ იმერლიშვილი, რის შემდეგაც ისინი დაეუფლნენ მოკლულის ავტომანქანა "ნივას", რომელიც შემდგომში ყალბი საბუთების გამოყენებით  გაასხვისეს. იმავე საღამოს, ბანდიტური ჯგუფის წევრები დაბრუნდნენ გიორგი  და ვასილ იმერლიშვილის სახლში და დანაშაულის კვალის დამალვისა და მათი ოჯახის ქონების დაუფლების მიზნით, ღამის საათებში, თოკით დაახრჩვეს ოჯახის უფროსი გივი იმერლიშვილი, დიასახლისი ლამარა ხუნდაძე და ანეტა იმერლიშვილი, რის შემდეგაც, გაიტაცეს სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები, სანადირო თოფები და ცეცხლსასროლი იარაღი", - აცხადებს მთავარი პროკურატურა და აღნიშნავს, რომ 25 ივნისს, მადლენა ზვორიკინა-ბერძენიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

საქართველოს მთავარი პროკურატურა საქმეზე აგრძელებს გამოძიებას საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ძველი რედაქცია) და 78-ე მუხლით (ძველი რედაქცია), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 15 წლამდე ვადით.

კომენტარები