საქართველოს მთავარი პროკურატურა

პროკურატურა: გამსახურდიებმა გამოძიების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე უარი თქვეს

საქართველოს პროკურატურა

კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებს, პროკურატურამ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის უშუალო გამომძიებელთან და პროკურორთან შეხვედრა შესთავაზა, მაგრამ პროკურატურის განცხადებით, ისინი შეხვედრაზე არ გამოცხადდნენ.

"პროკურატურა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე დაზარალებულის უფლებამონაცვლე კონსტანტინე გამსახურდიასთვის, ასევე მისი ძმისთვის და მათი ინტერესების დამცველისთვის საქმეზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით ინფორმაციის კიდევ ერთხელ გაცნობას გეგმავდა", - IPN-ის ინფორმაციით, აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, ზვიად გამსახურდიას შვილებმა, კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებმა, მთავარ პროკურატურასთან შიმშილობა დაწყეს. მიზეზად ზვიად გამსახურდიას მკველობის საქმე დასახელდა, რომელიც ხანდაზმულობის გამო, შესაძლოა 2 კვირაში დაიხუროს. კონსტანტინე გამსახურდია საქმის გამოძიებასა და მამის მკვლელობაში მონაწილე პირების დასჯას ითხოვს.

იგი ასევე კანონში ცვლილების შეტანას ითხოვს, რომლის მიხედვითაც, - "განსაკუთრებულ შემთხვევებს" ხანდაზმულობა არ შეეხება.

კომენტარები