რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები

ენმ: ხელისუფლებამ თავი დაანებოს რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებაზე საუბარს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, "საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ოკუპანტ სახელმწიფოსთან ენის მოჩლექით საუბარმა შედეგად ვერ მოიტანა რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება". ამასთან, როგორც ჭიაბერაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, საქართველოს მეგობრებში შესუსტდა იმის განცდა, რომ საქართველოს რუსეთის მხრიდან სერიოზული პრობლემები ელოდება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ. ჭიაბერაშვილის შეფასებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის დღევანდელმა განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული საგარეო-პოლიტიკური კურსი მცდარია. ამასთან, ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის საზიანი იყო პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საერთაშორისო ასპარეზზე გაკეთებული განცხადებები, რომ საქართველოს რუსეთთან ურთიერთობაში რაიმე წარმატება აქვს.

"ამ დროს კრემლი კვლავ ღია და აშკარა ფორმით გვემუქრება. ლავროვის მუქარა უკავშირდება სავაჭრო ურთიერთობებს. ამადროულად, კრემლის მუქარა ასევე შეიცავს სხვა ძალიან სახიფათო ასპექტებს, ეს არის გალის რაიონიდან ეთნიკური ქართველების გამოყრა, ანდა ყირიმის მსგავსად ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირ მიერთება. საქართველოს ხელისუფლებამ თავი უნდა დაანებოს რუსეთთან ურთიერთობის "ნორმალიზებაზე" საუბარს და ევროპელ პარტნიორებთან ერთად რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე ისეთი საპასუხო ნაბიჯები უნდა დაგეგმოს, რაც საქართველოს მოქალაქეებს მოსალოდნელ ზიანს და საფრთხეს თავიდან ააცილებს", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების არასწორმა პოლიტიკამ ქართველი გლეხი რუსეთზე უფრო მეტად დამოკიდებული გახადა. მისივე თქმით, ლავროვის მუქარის ასრულება სწორედ საქართველოს მოქალაქეებს დააზარალებს.

"ამიტომ, მთავრობამ უნდა წარადგინოს კონკრეტული გეგმა, რა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას აპირებს, თუ რუსეთი კვლავ გამოაცხადებს ემბარგოს", - დასძენს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, "თუ რუსეთი ჩათვლის, რომ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მიერ ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმებები ევროკავშირთან მის ეკონომიკას ზიანს აყენებს, ის საკუთარი თავის დასაცავად ზომებს მიიღებს".

კომენტარები