ციხის სკანდალი

ციხეში ცემა-წამების ფაქტებზე სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება არ შეცვალა

ე.წ. ,,კარანტინი"-ს დაშლისა და 2012 წლის ოქტომბრამდე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჩადენილი ცემა-წამების ფაქტებზე თბილისის სააპელაციო სასამართლომ, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა - ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება, რომ 2012 წლის 24 აგვისტოს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის #8 დაწესებულებაში მიმდინარეობდა ე.წ. "კარანტინი"-ს მორიგი დაშლა, რაც ფორმალურად გულისხმობდა შესაბამის საკნებში პატიმრების გადანაწილებას. სინამდვილეში კი, ეს პროცესი, ისევე, როგორც სხვა არაერთი "კარანტინის" დაშლა, ხორციელდებოდა სასჯელაღსრულების სისტემაში დამკვიდრებული ერთგვარი "რიტუალით", რასაც სავალდებულო წესით და ასევე მათ მიერ დადგენილი გარკვეული კრიტერიუმებით თან ახლდა პატიმართა ცემა მათი დამცირებით, პატივისა და ღირსების შელახვით.

"კარანტინი"-ს დაშლაში დამნაშავეებად ცნო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე გაგა მკურნალიძე, საპყრობილის დირექტორი დავით ხუჭუა, მისი მოადგილეები ალექსანდრე ჯანჯღავა და ვიქტორ ყაჭეიშვილი, ასევე სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსი ოლეგ ფაცაცია, საპყრობილის თანამშრომლები: გიორგი კვარაცხელია, მანუჩარ ლომთაძე, მათე ელბაქიძე, დავით მეცხოვრიშვილი და თემურ ჭაჭია.

პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩამოთვლილმა პირებმა დაშინების, იძულებისა და რეჟიმისადმი მორჩილების მიზნით, პატიმრები არაადამიანურ და დამამცირებელ პირობებში ჩააყენეს, მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ და გაუსაძლის მდგომარეობაში ამყოფებდნენ.

ცემა-წამებაში მონაწილე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილ მაღალჩინოსნებსა და თანამშრომლებს ჩადენილი დანაშაულისათვის  სასჯელი შთანთქმის პრინციპითა და ამნისტიის აქტის გამოყენებით განესაზღვრათ: ოლეგ ფაცაციას- 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება 1 წლისა და 6 თვის ვადით. ვიქტორ ყაჭეიშვილს- 3 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება 1 წლისა და 6 თვის ვადით და ჯარიმა 2000 ლარი. გაგა მკურნალიძეს - 3 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება 1 წლისა და 6 თვის ვადით და ჯარიმა 3000 ლარი. გიორგი კვარაცხელიას - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. თემურ ჭაჭიას 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. დავით ხუჭუას - 3 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება 1 წლისა და 6 თვის ვადით და ჯარიმა 2 000 ლარი. მათე ელბაქიძეს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 2000 ლარი.

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის ოქტომბრამდე სასჯელაღსრულების სისტემაში მომხდარი ცემა-წამების ფაქტებთან დაკავშირებით გამამტყუენებელი განაჩენი გამოუტანეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 16 თანამშრომელს.

 

კომენტარები