ციხის სკანდალი

ბედუკაძის გათავისუფლებაზე კითხვები გია ხუხაშვილსაც აქვს

გია ხუხაშვილი

"არ ვიცი, როგორ მოიქცევა მთავარი პროკურორი, თუმცა მე კითხვები მაქვს ბედუკაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით და ვიზიარებ პრემიერის მოსაზრებას", - სააგენტო ინტერპრესნიუსთან საუბარში განაცხადა ივანიშვილის ეკონომიკურმა მრჩეველმა გია ხუხაშვილმა.

ხუხაშვილი ამ განცხადებით დაეთანხმა დღეს, 8 ივლისს ბიძინა ივანიშვილის მიმართვას მთავარი პროკურორისადმი, რომელითაც პრემიერმა კბილაშვილს ბედუკაძის საქმის გადახედვა სთხოვა.

ხუხაშვილმა განაცხადა, რომ კბილაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებაზე მთავრობაში არ მიდის მსჯელობა.

"გამორიცხული არაფერია, მაგრამ კონკრეტულად ამ შემთხვევაში აღმასრულებელი ხელისუფლებისგან ამის პირდაპირ ინიცირებაზე ინფორმაცია არ მაქვს", - განაცხადა პრემიერის მრჩეველმა.

ხუხაშვილის განმარტებით, არჩილ კბილაშვილს ბედუკაძის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებით კანონი არ დაურღვევია.

"არ ვიცი, როგორ მოიქცევა მთავარი პროკურორი, თუმცა მე კითხვები მაქვს ბედუკაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით და ვიზიარებ პრემიერის ამ მოსაზრებას. მიუხედავად იმისა, რა ნაბიჯები გადადგა ბედუკაძემ შემდგომში, თუ ის გარეული იყო წამების კონკრეტულ ფაქტებში, წამება არის ისეთი დანაშაული, რომ ამის ამნისტირება არც მორალურად არის გამართლებული და არ შეესაბამება მსოფლიოში დამკვიდრებულ სტანდარტებს. შესაძლებელი იყო შემსუბუქებაზე საუბარი, მაგრამ პასუხისმგებლობის გათავისუფლებასთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ მოყვანილი არგუმენტები ბოლომდე დამაჯერებელი და საკმარისი არ არის. ეს ჩვეულებრივი პროცესია. პრემიერი პირდაპირ ვერ ჩაერევა პროკურატურის საქმიანობაში, მაგრამ ბუნებრივია, საზოგადოებაში არსებობს კითხვები და აზრს ყველა ღიად გამოვთქვამთ, მათ შორის - პრემიერიც", - განაცხადა ხუხაშვილმა.

ხუხაშვილმა პრემიერის მიერ 3 ივლისის პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებაზეც ისაუბრა, როდესაც ივანიშვილმა განაცხადა, რომ პროკურატურა სუსტია.

"რაც შეეხება პრემიერის განცხადებას, რომ პროკურატურა სუსტია, ვფიქრობ, იგი გულისხმობდა არა ვინმეს პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხს, არამედ იმას, რომ რეალობა დღეს ასეთია. ცოტა ხნის წინ პროკურატურა იყო პოლიტიკური ინსტრუმენტი წინა რეჟიმის ხელში და, სამწუხაროდ, პოლიტიკური სადამსჯელო მანქანის პრინციპით მუშაობდა. ახალ პროკურორებს საიდანღაც ვერ გავაჩენდით და გარდამავალ პერიოდში, როდესაც ადამიანები სწავლობენ სახელმწიფოს მსახურებას და არა კონკრეტული პირების პოლიტიკური ამოცანების შესრულებას, ასეთი სისუსტე და გარკვეული ვაკუუმი ბუნებრივია. ვფიქრობ, პრემიერმა სწორედ ეს იგულისხმა", - განაცხადა ხუხაშვილმა. 

კომენტარები