ციხის სკანდალი

კბილაშვილი: უამრავი დამნაშავე დადის თავისუფალი

Archil Kbilashvili
Tabula

"უამრავი დამნაშავე დადის და უამრავ დამნაშავეს, შესაძლოა, უფრო მაღალი თანამდებობაც აქვს, ვიდრე ჰქონდათ მაშინ როდესაც ამ ქმედებებს სჩადიოდნენ", - ამბობს მთავარი პროკურორი, რომელმაც 9 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე ვლადიმერ ბედუკაძის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან სრულად გათავისუფლების საფუძვლებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. არჩილ კბილაშვილის თქმით, ვიდეომასალის გავრცელების უმთავრესი დამსახურებაა, რომ შედეგად, ციხეებში პატიმრების წამება პრაქტიკულად შეწყდა.

კბილაშვილის თქმით, ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ, 2300 პატიმარი დაკითხეს და ამის საფუძველზე ანალიტიკური დასკვნა მომზადდა. მისივე თქმით, ელემენტარული სამართლიანობაა, რომ ბედუკაძეს განსხვავებულად მოექცნენ, როცა სხვა დამნაშავეები თავისუფლად დადიან:

"ეს ხდებოდა ყველგან და ალბათ მასში მონაწილეობდა ასეულობით სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელი, რომელთა სახელები და გვარები არ ვიცით. დღეს ის ადამიანები ან სხვა უფრო მაღალ კაბინეტებში არიან ან თავისუფლებაში არიან ან საზოგადოების ღირსეული წევრები არიან და იმის გამო, რომ ჩვენ არ ვიცით ხშირ შემთხვევაში ვინ იყვნენ ისინი, სარგებლობენ ჩვეულებრივი პრივილეგიებით.

არსებობს გარკვეული სამართლიანობა, რომ იმ კაცის მიმართ, რომელმაც ეს გამოიტანა, ამხილა საკუთარი თავი, მინიმუმ განსხვავებული მაინც უნდა ყოფილიყო ის რეჟიმი, რომელშიც, განსხვავებით იმ სხვათაგან (ისინი წყნარად, მშვიდად კომფორტულ ვითარებაში, საკუთარ ოჯახებში თუ სხვა სამსახურებში აგრძელებენ ცხოვრებას), ამისგან განსახვავებული მოპყრობა იყო საჭირო. ეს ელემენტარული სამართლიანობა იქნებოდა. ვინც თვლის, რომ ლადომ დანაშაული ჩაიდინა და დამნაშავე თავისუფლად არ უნდა დადიოდეს, მათ საპირწონედ მე გამიჩნდა აზრი და ვამბობ, რომ უამრავი დამნაშავე დადის და უამრავ დამნაშავეს უფრო მაღალი თანამდებობაც აქვთ, შესაძლოა, ვიდრე ჰქონდათ მაშინ, როდესაც ამ ქმედებებს სჩადიოდნენ", - მიაჩნია მთავარ პროკურორს.

არჩილ კბილაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ ბედუკაძემ ვიდეომასალა გასავრცელებლად 2011 წელს "გადასცა":

"ლადო ბედუკაძემ ეს ვიდეომასალა გადასცა გასავრცელებლად 2011 წლის სექტემბერში. ეს ის პერიოდია, როდესაც საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში რაიმეს შეცვლის პერსპექტივა არ ჩანს, რადგან ივანიშვილმა განცხადება პოლიტიკაში მოსვლაზე ოქტომბერში გააკეთა. როდესაც ბედუკაძემ ამ მასალის გავრცელების გადაწყვეტილება მიიღო, არ შეიძლებოდა ჰქონოდა გათვლა პოლიტიკურ შეღავათზე. ამას აქვს ჩვენთვის მნიშვნელობა, რათა შევაფასოთ ადამიანის მოქმედება. კიდევ ერთი არგუმენტია ის, რომ ბედუკაძის ქმედების ყველა ეპიზოდი მოვიპოვეთ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი წარმოადგინა თავად ბედუკაძემ. შვიდივე ეპიზოდი, რომელშიც ჩვენ მას ბრალი დავდეთ, არის მის მიერ წარმოდგენილი ვიდეომასალა. ადამიანს, რომელმაც "შაჰიდის ქამარი" შემოიჭირა, საკუთარი თავის აფეთქების ჩათვლით, არაფერი რჯიდა, ეს გაეკეთებინა. ის შეიძლებოდა დარჩენილიყო სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, კარიერულ წინსვლაზე ეფიქრა და არ გაესაჯაროებინა ეს კადრები. მსჯელობის დროს ასეთი არგუმენტიც გაჩნდა იმის სასარგებლოდ, რატომ უნდა გამოგვეყენებინა შეღავათი მის მიმართ", - აღნიშნა კბილაშვილმა.

კბილაშვილის თქმით, ბედუკაძემ საკუთარ თავს საფრთხე შეუქმნა, რადგან 7 ეპიზოდიდან, რომლებშიც მისი ბრალეულობა დასტურდება, თითოეული ცალ-ცალკე 9-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა და მას, სულ მცირე, 30-წლიანი სასჯელი ელოდა.

"მან კარგად იცოდა, როგორ ისჯებოდნენ ადამიანები, რომლებიც სისტემას აუმხედრდებოდნენ. ეს საფრთხე იყო მისი ოჯახის მიმართაც და ვერ ექნებოდა გათვლები, რომ პროკურორი გახდებოდა არჩილ კბილაშვილი და ის პოლიტიკურ შეღავათებს მიიღებდა. ამასთანავე, ამ ადამიანს არ უვაჭრია ამ ვიდეომასალით, ფული არ გაუკეთებია, არ გამხდარა კომერციული სპეკულაციის საგანი და ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, როცა ამ საკითხზე მსჯელობას შევუდექით. ამ არგუმენტების საფუძველზე, ხანგრძლივი განხილვის შედეგად გადაწყდა შეღავათის განსაკუთრებული ზომა მის მიმართ", - ამბობს კბილაშვილი.

ამ არგუმენტებზე დაყრდნობით, მთავარი პროკურორი მიიჩნევს, რომ ბედუკაძის პასუხისმგებლობისგან სრულად გათავისუფლება სამართლიანობასთან ყველაზე დაახლოებული გადაწყვეტილებაა:

"ფინანსური ჯარიმა ამ საკითხის სამართლიანი დარეგულირებისთვის არაადეკვატური იქნებოდა. პირობითი სასჯელიც ფორმალობად ჩაითვლებოდა. არსებობდა ასევე 9-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთის სასჯელიც, მაგრამ ერთი წელი თვალთმაქცობად ჩაითვლებოდა, 7 წელი და მეტი კი მე უსამართლოდ მიმაჩნდა. ამიტომ ყოველგვარი თვალთმაქცობის და მოჩვენებითობის გარეშე ვთქვით ის, რაც სამართლიანობასთან ყველაზე მეტად იყო დაახლოებული და მივიღეთ მისი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების გადაწყვეტილება", - აცხადებს არჩილ კბილაშვილი.

პრესკონფერენციაზე მთავარმა პროკურორმა კიდევ ერთხელ ვრცლად აღწერა ციხეში წამების მეთოდები:

"ეს მეთოდებია - ცემა-წამება, ჯგუფურად, მრავალჯერ, სასტიკად, რეზინის ხელკეტით, სავარჯიშო ბალიშით, პლასტმასის მილით, წყლით სავსე ბოთლით. არსებობდა წყლიან ჭურჭელში თავის ჩაყოფის, სილის ჭამის, სავარჯიშო ძელზე დაკიდების, ელექტროშოკით წამების მეთოდები; საიდუმლო თანამშრომლობაზე უარის თქმის ან რაიმეზე პროტესტის გამოხატვის შემთხვევაში ხდებოდა პატიმართა მასობრივი დასჯა. სამედიცინო დახმარების ან ექიმის მოთხოვნის გამო ხდებოდა მათი სასტიკად ცემა, ადგილი ჰქონდა კბილების ჩამტვრევის არაერთ შემთხვევას, იკეტებოდა საკნების ფანჯრები, იკეტებოდა წყალი, ბანაობისას უწყვეტდნენ წყალს და პატიმრები რჩებოდნენ საპნიანები, ცხელი კერძები რამდენიმე წუთში უნდა ეჭამათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, აღვრევინებდნენ, იყო გაუპატიურების ფაქტები, უძილობა, ჩურჩულის აკრძალვა, ე.წ. წითელი პარასკევი, როდესაც ერთ ოთახში შეჰყავდათ პატიმრები, სცემდნენ, იქიდან გამოყვანილს ატარებდნენ ხელკეტებით შეიარაღებული სად-ის თანამშრომლების კორიდორებში, ზოგ შემთხვევაში, საათობით უშვებდნენ ცხელ წყალს, სვამდნენ კარცერში ნაწამებ პატიმრებს ჭრილობების მორჩენამდე, არ ჰქონდათ ლოგინი, ეძინათ ბეტონის იატაკებზე", - ამბობს კბილაშვილი.

ვლადიმერ ბედუკაძის საქმის გადახედვის მოთხოვნით პრემიერმინისტრმა მთავარ პროკურორს 8 ივლისს მიმართა. ბიძინა ივანიშვილის პოზიცია გაიზიარეს იუსტიციის მინისტრმა, შს მინისტრმა და მთავრობის სხვა წარმომადგენლებმა.

კომენტარები