ციხის სკანდალი

გიორგი ლომია: ეს იყო კარგად დადგმული, კარგად დაგეგმილი პროცესი

9 ივლისს გამართულ ბრიფინგზე, მთავარმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა, განაცხადა, რომ ციხის ცნობილი კადრები ვლადიმერ ბედუკაძემ გიორგი ლომიას 2011 წლის სექტემბერში გადასცა.

მთავარი პროკურორის განცხადების შემდეგ, ტაბულა საქართველოს პატრიოტთა ალიანსის პოლიტიკურ მდივანს, გიორგი ლომიას, დაუკავშირდა. მან ტაბულასთან საუბარში განაცხადა, რომ ციხეში გაუპატიურებას სისტემური ხასიათი არ ჰქონია.

ლომიას თქმით, მან ვლადიმერ ბედუკაძე ციხეში გაიცნო და დაუმეგობრდა. გაუპატიურების კადრების არებობის შესახებ, ბედუკაძემ საკუთარი ინიციატივით შეატყობინა. 

პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი, ვიდეომასალის გასავრცელებლად შესაბამის დროს ელოდებოდა. მისი მტკიცებით, ბედუკაძის მიერ გადაღებული გაუპატიურების კადრები შეიძლება ერთი ადამიანის დანაშაულად მიჩნეულიყო. "მე ვფიქრობდი, როგორ შეიძლება ამის გამოყენება ისე, რომ არ დავზარალდეთ ჩვენ, არ დაზარალდეს ხალხი, მხოლოდ დაზარალდეს ის გუნდი, რომელიც ამას სჩადიოდა". სწორედ ამ მიზნით, ლომია სისტემის სამხილებლად კარანტინის კადრების მოპოვებასაც ცდილობდადა, როგორც თავად ამბობს, ამისთვის აკობიას ოთხი დღის განმავლობაში "ატრეინინგებდა", სანამ გადაღება არ "დაამუღამა". 

ლომია ტაბულასთან საუბარში ამბობს, რომ აღნიშნული ოპერაციის ხარჯების დასაფარად საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა, სოლიდური თანხა გაიღო. 

ლომიამ კადრები მოპოვებიდან ერთი წლის თავზე გაასაჯაროვა. ტაბულას კითხვას, თუ რატომ არ იზრუნა იმ ადამიანებზე, რომლებსაც ამ დროის განმავლობაში შესაძლოა, სასტიკად მოპყრობოდნენ, საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთმა ლიდერმა უპასუხა, რომ ვიდეომასალის რომელიმე ტელევიზიით ჩვენების შემთხვევაში, ხელისუფლება ისევე მოექცეოდა კონკრეტულ მედიაორგანიზაციას, როგორც ტელეკომპანია იმედს მოექცა და შესაძლოა, ოპერაციაში მონაწილე პირების ლიკვიდაციაც მოეხდინა. მან ისიც აღნიშნა, რომ ამ მასალის ადრე გამოქვეყნების შემთხვევაში, სისტემა გაძლიერებას შეძლებდა. 

შეგახსენებთ, რომ კადრები საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ტელეკომპანია მე-9 არხმა გაავრცელა. გამოქვეყნებისთანავე, ხელისუფლებამ ბრალი წამების და არაადამიანური მოპყრობის მუხლით, 17 ადამიანს წაუყენა. სასჯელაღსრულების მინისტრი ხათუნა კალმახელიძე და შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩო ახალაია თანამდებობიდან გადადგნენ. 

17 ბრალდებულიდან ცხრასთან ახალმა ხელისუფლებამ საპროცესო შეთანხმება გააფორმა. რამდენიმე მათგანი დღეს თავისუფალია.

კომენტარები