გიგი უგულავას საქმე

უგულავა: გადავწყვიტე, დავასრულოთ ეს კომედია და გამაქვს ჩემი შუამდგომლობა

თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებულმა მერმა გიგი უგულავამ უფლებამოსილების აღდგენის თაობაზე შუამდგომლობა საქალაქო სასამართლოდან გაიტანა. მისი თქმით, სასამართლო მთავრობის ზეწოლას განიცდის, რათა მოსამართლემ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით არ აღადგინოს პირდაპირი წესით არჩეული მერი.

"დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უფლებამოსილების აღდგენის თაობაზე ჩემს შუამდგომლობასთან დაკავშირებით, სასამართლო სხდომა კიდევ ერთხელ გადაიდო.

სიტუაცია უკვე სრულიად კომიკურია და სასაცილო მდგომარეობაში აყენებს საქართველოს მთავრობასა და პროკურატურას. სასამართლო მთავრობის გააფთრებულ ზეწოლას განიცდის, რომ მოსამართლემ არ გამოიტანოს ერთადერთი შესაძლო გადაწყვეტილება და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით აღადგინოს პირდაპირი წესით არჩეული მერი.

ხელისიუფლება პანიკაშია და ისიც კი ვერ გაუცნობიერებია, რომ ჩემთვის და ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის და ასევე ქვეყნისთვის, იმას კი არ აქვს მნიშვნელობა მე, გიგი უგულავა ერთი კვირით შევალ თუ არა ოფისში, არამედ მნიშვნელოვანია, რომ მომავალში ყველა არჩეული პირი გათავისუფლდეს მთავრობის აღვირახსნილი მცდელობისგან პროკურატურის საშუალებით, გზიდან ჩამოიცილონ არასასურველი ოპონენტები.

რამოდენიმე კვირის განმავლობაში, სასამართლო პროცესებზე პროკურატურის არ დასწრება, სახელმწიფოს უსუსურობა და ინსტიტუტების აბუჩად აგდება ნამდვილად რთულად საყურებელია ჩვენთვის, ვინც წლების განმავლობაში, ამ სახელმწიფოს ძლიერებისა და ფუნდამენტის ჩაყრისთვის ყველაფერი გავაკეთეთ.

ამიტომ მე მივიღე გადაწყვეტილება, დავასრულოთ ეს კომედია და გამაქვს ჩემი შუამდგომლობა.

თბილისელები არჩევნების მეორე ტურში თავად აირჩევენ თბილისის მერს და საკონსტიტუციო სასამართლოს წყალობით, უკანონოდ ვეღარავინ შეაჩერებს არჩეულ პირთა უფლებამოსილებას.

ჩემმა შუამდგომლობამ უკვე გამოიღო შედეგი - თვეზე მეტია პროკურატურა გარბის პროცესიდან, რომ არ დადგეს ყველასთვის გასაგები შედეგი.

ამით სამთავრობო ზეწოლისგან და პირდაპირი აბუჩად აგდებისგან ვათავისუფლებ სასამართლოსაც და იმედი მაქვს, მომავალში, თუ საქმე სხვა არჩეულ პირებს შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მყარი ფუნდამენტი იქნება სასამართლოს არაორაზროვანი და სამართლიანი პოზიციისა"", - თქვა უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო ის მუხლები, რომლის მიხედვითაც საქალაქო სასამართლომ დეკემბერში გიგი უგულავას უფლებამოსილება შუაღამეს შეუჩერა.

კომენტარები