ასოცირების შეთანხმება

საქართველოს დელეგაციის ნაწილი ბრიუსელში იმყოფება

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერამდე რამდენიმე დღით ადრე, ბრიუსელში საქართველოს დელეგაციის ნაწილი ჩავიდა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილი და იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე 27 ივნისამდე რამდენიმე შეხვედრას გამართავენ. ისინი შეხვდებიან ევროპის შიდა საქმეების გენერალურ დირექტორს. ამასთან, ბერუჩაშვილს ქეთრინ ეშტონის ოფისში ოფიციალურად გადასცემენ ასოცირების ხელშეკრულების სამოქმედო გეგმას. 

"ჩვენ სულ მოკლე ხანში ხელში გვექნება ასოცირების ხელშეკრულება, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი, ახალი თაობის, ძალიან ამბიციური, სამართლებრივი ჩარჩო საქართველო-ევროკავშირის დაახლოების და ურთიერთობის გაღრმავების ყველა მიმართულებით. ეს არის ევროპის შიდა საქმეების გენერალურ დირექტორთან პირველი ვიზიტი. ძირითადად შეხვედრა ეძღვნება სავიზო დიალოგის ფარგლებში საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმის მიმოხილვას", - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა. 

იუსტიციის მინისტრის მოადგილის თქმით კი, შეხვედრაზე განიხილავენ თუ რა სტადიაზე იმყოფება ამჟამად საქართველო. 

"შეხვედრის ძირითადი არსია, მიმოვიხილოთ ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში ჩვენი პროგრესი. განვიხილოთ, რა სტადიაზეა დღეისთვის საქართველო და როგორ შეიძლება ხელი შევუწყოთ იმას, რომ დაყოვნების გარეშე გადავიდეთ მეორე ეტაპზე", - აღნიშნა გოჩა ლორთქიფანიძემ. 

საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ხელს 27 ივნისს, 09:00-ზე მოაწერს.

კომენტარები