კრიზისი უკრაინაში

აღმოსავლეთ უკრაინაში ტერორისტებმა 27 ივნისამდე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადეს

Reuters

აღმოსავლეთ უკრაინაში ტერორისტები 27 ივნისამდე დაზავდნენ. სააგენტო UNIAN-ის ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით გამართული მოლაპარაკებებისას ე.წ. "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" თვითგამოცხადებულმა პრემიერმა ალექსანდრ ბოროდაიმ განაცხადა.

"კიევის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის საპასუხოდ ვალდებულებას ვიღებთ ცეცხლი შევწყვიტოთ 27 ივნისამდე", – აღნიშნა ბოროდაიმ. მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება მოლაპარაკება და კონსულტაციებზე გადასვლა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ.

ბოროდაის განცხადებით, ასევე, შეწყდება ე.წ. რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჯარების გადაადგილება და დაიწყება ე.წ. სიჩუმის რეჟიმი. მისი თქმით, ელოდება, რომ აღნიშნულ რეჟიმს რუსეთი გააკონტროლებს.

დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტერორისტებმა აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 30-ჯერ დაარღვიეს.

კომენტარები