ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის თარიღის გამოცხადებისკენ მოუწოდებს. როგორც დღევანდელ ბრიფინგზე თბილისის უფლებაშეჩერებულმა მერმა გიგი უგულავამ განაცხადა, ენმ-ს აქვს სრულიად ლოგიკური და ლეგიტიმური მოთხოვნა ცენტრალური საარჩევნიო კომისიის მიმართ, უმოკლეს ვადებში დაასახელოს არჩევნების მეორე ტურის თარიღი.
"ჩვენი ინფორმაციით, მთავრობამ მოახდინა ზეწოლა თამარ ჟვანიაზე. მთავრობის მოთხოვნა იყო 12 ივლისი, რაც აბსოლუტურად ეწინააღმდეგება არსებულ წესებს და პროცედურებს. მოგეხსენებათ, ძალიან ბევრ სუბიექტს შედეგები გასაჩივრებული აქვს სასამართლოში და მიმდინარეობს ხელახალი გადათვლები; შესაბამისად, შეუძლებელია, 19 ივლისზე ადრე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დანიშნოს არჩევნების მეორე ტური", - აღნიშნა უგულავამ და დასძინა, რომ ამ თარიღის ცოდნას აქვს პრინციპული მნიშვნელობა.
"სწორედ გამოცხადებიდან ექნება ყველა მონაწილე კვალიფიციურ სუბიექტს უფასო საეთერო დროით სარგებლობის შესაძლებლობა, რა შესაძლებლობასაც ამ მომენტისთვის სუბიექტები ბიუროკრატიული, საკანონმდებლო ხარვეზების, თუ ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და კონკრეტულად მისი თავმჯდომარის მოუქნელი მუშაობის გამო ამ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წინასაარჩევნო პერიოდში მოკლებულნი არიან. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თარიღის ცოდნა იმისთვის, რომ პოლიტიკურმა სუბიექტებმა დაგეგმონ წინასაარჩევნო კამპანია" - განაცხადა უგულავამ და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს წარმოაჩინოს, თითქოს არაფერი ხდება, მეორე ტური არაფერია და გამარჯვება უკვე ნაზეიმარი აქვს.
"შეუძლებელია, 12 ან 15 ივლისს იყოს მეორე ტური. მოვითხოვთ კატეგორიულად, დღეს ან ხვალ გამოცხადდეს არჩევნების თარიღი, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახეზე იქნება სამწუხარო გარიგება მთავრობასა და ცესკო-ს შორის", - თქვა უგულავამ.
თბილისსა და შვიდ თვითმმართველ ქალაქში, ასევე, ცამეტ თვითმმართველ თემში მერობის და გამბელობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.




