ნაციონალური მოძრაობა

ბესელია აზერბაიჯანის ინციდენტზე: ძალიან ბევრი საეჭვო გარემოებაა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას განცხადებით, "მე არ მაქვს იმის განცდა, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრები ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე არადეკლარირებული თანხის შემოტანას არ იკადრებენ და არ გააკეთებენ". როგორც ბესელიამ აღნიშნა, ძალიან საყურადღებო იყო აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის გაკეთებული განცხადება.

"მან დაადასტურა, რომ პარლამენტის წევრები ქალბატონი ნადირაშვილი და ბატონი ჯაფარიძე ნამდვილად შეაჩერეს საბაჟოს თანამშრომლებმა და ჰქონდათ არადეკლარირებული, დაახლოებით მილიონ დოლარამდე თანხის გადმოტანის მცდელობა. ძალიან ბევრი კითხვაა, ძალიან ბევრი საეჭვო გარემოებაა, ისმის კითხვები იმ განმარტებებთან დაკავშირებით, რომლებიც თავად ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა გააკეთეს. ვფიქრობ, სახელმწიფო უსაფრთხოების თვალსაზირისით და ქვეყნის ეროვნულ სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე ამ ფაქტებს სჭირდება ყურადღებით შესწავლა", - განაცხადა ეკა ბესელიამ და აღნიშნა, რომ ეს ფაქტი იმითაც არის საყურადღებო - რა მოვლენებს უკავშირდება. როგორც ბესელიამ აღნიშნა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოში არჩევნები არ დასრულებულა და მეორე ტური უნდა ჩატარდეს, საკითხი ყურადღებამისაქცევია. 

"თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ გაიხსნა ძალიან სერიოზული საქმე შავი ფულის შემოდინების უგულავას ქვისლის შემთხვევაში, ბუნებრივია, ამ ყველაფრის შემდეგ სერიოზული კითხვები ჩნდება. თუ ვინმეს აქვს იმის განცდა, რომ ეს ბატონები ამას არ იკადრებენ, არ გააკეთებენ, მე პირადად არ მაქვს ეს განცდა, მაგრამ ფაქტებით უნდა ვისუბროთ", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ საპარლამენტო უმცირესობის წევრების ირმა ნადირაშვილისა და ზურაბ ჯაფარიძის შესაძლო დაკავების შესახებ, საზღვარზე ელექტროშოკური აპარატების და დიდი ოდენობით ფულადი თანხის გადმოტანის მცდელობის ფაქტზე. აღნიშნული ინფორმაცია აზერბაიჯანში საქართველოს ელჩმაც დაადასტურა და განაცხადა, რომ "დეპუტატებს არადეკლარირებული თანხა ჰქონდათ".

თავად ზურაბ ჯაფარიძემ და ირმა ნადირაშვილმა უარყვეს დაკავების ფაქტი. ჯაფარიძის ვარაუდით, ქართული სპეცსამსახურები იმ პირებს უსმენდნენ, ვისაც დეპუტატი თბილისში ირმა ნადირაშვილის ვაიბერის საშუალებით უკავშირდებოდა.

„მე და გოგა ხაჩიძემ სატელეფონო საუბრისას ისეთი განცდა შევქმენით, რომ თითქოს რაღაც მოგვქონდა, გვეგონა, აქ პოლიცია დაგვხვდებოდა და გავერთობოდით, მაგრამ გაცილებით უარესი აღმოჩნდა, ბაქოს აეროპორტში საქართველოს მთელი საელჩო დაგვხვდა. მე და ირმა ნადირაშვილმა ელჩთან შეხვედრა ვცადეთ, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. ნაცვლად იმისა, რომ საელჩოს წარმომადგენლები ჩვენ შეგვხვედროდნენ, მითხრეს, რომ ისინი მებაჟეებს ეკითხებოდნენ - ვიყავით თუ არა დაპატიმრებულები, ამათ რამდენი ელექტროშოკი აღმოაჩნდათო. გარდა ამისა, დიდი ალბათობით საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლები დადიოდნენ და ფოტოებს გვიღებდნენ. ამის შემდეგ ირმას და მე 30 წუთის განმავლობაში გვჩხრეკდნენ. ამის გამო თვითმფრინავმა 40 წუთით დააგვიანა“, - თქვა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ ტაბულას ეთერში, თოქშოუ თეორემაში პირდაპირი ჩართვისას.

კომენტარები