ნაციონალური მოძრაობა

დასანქცირებული მოსამართლეების გათავისუფლება, სასამართლო რეფორმა – ენმ-ის 4 მოთხოვნა

ინტერპრესსნიუსი

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა 9 აპრილს პარტიის მიერ დაორგანიზებულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას 4 მოთხოვნა წამოაყენა. ხაბეიშვილმა პოლიტიკურ პარტიებსა და ლიდერებს აღნიშნული მოთხოვნების გარშემო გაერთიანებისკენ მოუწოდა. 

"გთავაზობთ დროშის აწევით დაუჭიროთ მხარი იმ მოთხოვნებს, რომლებსაც ჩამოვაყალიბებთ. თუ არ იქნება თქვენი ნება, ეს მოთხოვნები არ იქნება ჩვენს მოთხოვნებში.

ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, ჩვენთვის ნომერ პირველი მოთხოვნა არის - ლაზარეს თავისუფლება.

მეორე მოთხოვნა, რომელსაც ასევე სჭირდება თქვენი თანხმობა, თქვენ ნახეთ ამერიკის ოფიციალური პოზიცია, რომელმაც თქვა, რაც ჩვენ ისედაც კარგად ვიცოდით, მაგრამ უკვე მთელ მსოფლიოში მოგვჭრა თავი რუსულმა ოცნებამ - ახლა უკვე ამერიკელები ამბობენ, რომ კორუმპირებული, ქრთამისტი, პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლეები ჰყავს საქართველოს და ჩვენ უნდა მოვითხოვოთ დასანქცირებული მოსამართლეების დაუყოვნებლივ გადადგომა.

რაც შეეხება მესამე მოთხოვნას. ევროკავშირის 12-პუნქტში არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც ცხადია, სააკაშვილის და გვარამიას გათავისუფლების გარეშე არ გამოვა.

მეოთხე მოთხოვნაც უკავშირდება 12 პუნქტის შესრულებას და გვინდა გამოვყოთ რამდენიმე პრიორიტეტი - დეოლიგარქიზაციის კანონი, სასამართლო რეფორმა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმა.

ამ მოთხოვნების გარშემო ჩვენ ვთავაზობთ დისკუსიასაც, ერთობასაც, საერთო ბრძოლის ხაზსაც აბსოლუტურად ყველას და მე მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკურ ლიდერს - გადადეთ თქვენი პირადი, პარტიული ინტერესები, დაამარცხეთ თქვენს თავში კომპლექსები და ნუ დაინტერესდებით, რას იტყვის რუსი ოლიგარქი თქვენზე. მთავარია რას ფიქრობს მისი აღმატებულება ქართველი ხალხი". - ამბობს ხაბეიშვილი. 

კომენტარები