ნაციონალური მოძრაობა

გაბაშვილი: ნადირაშვილი და ჯაფარიძე პარტნიორებთან შესახვედრად იმყოფებიან

ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე გოკა გაბაშვილი  საპარლამენტო უმცირესობის წევრების ირმა ნადირაშვილისა და ზურაბ ჯაფარიძის აზერბაიჯანში დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. როგორც გაბაშვილმა თქვა, ნადირაშვილი და ჯაფარიძე ბაქოში პარტიის პარტნიორებთან შესახვედრად იმყოფებიან.

გაბაშვილი გავრცელებული ინფორმაციის წყაროს შესახებაც საუბრობს. „გავრცელებულ ინფორმაციას ვუკავშირებ სისულელეს, მთავრობის სიბრიყვეს და ზოგი საინფორმაციო საშუალების სულსწრაფობას, რომ მთავრობის ნებისმიერი სიბრიყვე დაადასტუროს“, - თქვა გოკა გაბაშვილმა.

საინფორმაციო სააგენტომ ინტერპრესნიუსმა გაავრცელა ინფორმაცია აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ დეპუტატების შესაძლო დაკავების შესახებ, საზღვარზე ელექტროშოკური აპარატების და დიდი ოდენობით ფულადი თანხის გადმოტანის მცდელობის ფაქტზე. 

აღნიშნულ ინფორმაციაზე ირმა ნადირაშვილმა კომენტარი უკვე გააკეთა.

”მე და ზურა ჯაფარიძე ამ წუთებში ვიმყოფებით ბაქოში, ძალიან მალე მივდივართ აეროპორტში და მოვყვებით 9-საათიან რეისსს. რა თქმა უნდა, ყველაფერს ველოდებით ამ მთავრობისგან და იმაზე უარესის დაბრალებასაც, რაც, როგორც აქ მომწერეს, ყოფილა გავრცელებული ინფორმაცია, თუ უნდათ, დაგვხვდნენ და ეს ელექტროშოკები თვითონ ნახონ”, - აღნიშნავს რუსთავი 2-თან სატელეფონო ჩართისას, ირმა ნადირაშვილი.

კომენტარები