საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპარლამენტო უმცირესობის წევრები ზურაბ ჯაფარიძე და ირმა ნადირაშვილი აზერბაიჯანის საბაჟო ტერმინალზე ჰყავთ გაჩერებული. როგორც სამინისტროში ტაბულას უთხრეს, უწყებას ეს ინფორმაცია აზერბაიჯანში საქართველოს ელჩმა თეიმურაზ შარაშენიძემ მიაწოდა.
"მათი ინფორმაციით, აეროპორტის საბაჟო ტერმინალზე ჰყავთ გაჩერებული და მიმდინარეობს ძიება. საელჩოს წარმომადგენლები იმყოფებიან ადგილზე, არკვევენ აღნიშნული შემთხვევის მიზეზებს და დეტალებს. საუბარია დიდი რაოდენობით არადეკლარირებულ თანხაზე, რომლის დეკლარირებაც არ მოახდინეს" - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საპარლამენტო უმცირესობის წევრები ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე აზერბაიჯანში დააკავეს, ნაციონალურ მოძრაობაში უარყოფენ. მათი თქმით, ისინი ნადირაშვილსა და ჯაფარიძეს უკვე ესაუბრნენ. ინტერპრესნიუსმა გაავრცელა ინფორმაცია აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ დეპუტატების შესაძლო დაკავების შესახებ, საზღვარზე ელექტროშოკური აპარატების და დიდი ოდენობით ფულადი თანხის გადმოტანის მცდელობის ფაქტზე. აღნიშნულ შემთხვევაზე ირმა ნადირაშვილმა კომენტარი უკვე გააკეთა.
”მე და ზურა ჯაფარიძე ამ წუთებში ვიმყოფებით ბაქოში, ძალიან მალე მივდივართ აეროპორტში და მოვყვებით 9-საათიან რეისსს. რა თქმა უნდა, ყველაფერს ველოდებით ამ მთავრობისგან და იმაზე უარესის დაბრალებასაც, რაც, როგორც აქ მომწერეს, ყოფილა გავრცელებული ინფორმაცია, თუ უნდათ, დაგვხვდნენ და ეს ელექტროშოკები თვითონ ნახონ”, - აღნიშნავს რუსთავი 2-თან სატელეფონო ჩართვისას, ირმა ნადირაშვილი.





