საქართველოს ეკონომიკა

მსოფლიო ბანკის პროგნოზით საქართველოს ეკონომიკა 2014 წელს 5%-ით გაიზრდება

მსოფლიო ბანკი
კიმ კიუნგ ჰუნი / REUTERS

საქართველოს ეკონომიკა 2014 წელს 5%-ით, 2015 წელს კი 5.5%-ით გაიზრდება. 2016 წელს ეკონომიკის ზრდის ნიშნულმა 6%-ს უნდა მიაღწიოს. 2014 წელს 5%-იან ზრდაზეა დაგეგმილი საქართველოს ბიუჯეტიც, თუმცა ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, უფრო მაღალ ზრდასაც ელოდება. ეს მინისტრმა იაპონურ ბიზნესდელეგაციასთან შეხვედრისას თქვა. 

საქართველოს ეკონომიკის ზრდის სავარაუდო მაჩვენებლები მსოფლიო ბანკმა მაისის თვის ანგარიშში, გლობალური ეკონომიკური პერსპექტივები, გამოაქვეყნა. 

ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ სახელმწიფო დანახარჯები 2014 წლისთვის 7.1%-ით, სამომხმარებლო ხარჯები კი 3.1%-ით გაიზრდება.

მსოფლიო ბანკი საქართველოს 2014 წელს იმპორტის 5.3%-ით, ექსპორტის კი 9.7%-ით ზრდას უწინასწარმეტყველებს. 2015-2016 წლებში ექსპორტის ზრდის მაჩვენებელი საშუალოდ 6% იქნება, იმპორტისა კი 6.8%. 

საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლებით, მსოფლიო ბანკი საქართველოს რეგიონალური რისკის მატარებლად მიიჩნევს, რადგან საქართველო დამოკიდებული სავაჭრო პარტნიორია და უკრაინასთან ვაჭრობა მთლიანი საგარეო ვაჭრობის 8%-მდეა. რუსეთს საქართველოს საგარეო ვაჭრობის 5.1% უჭირავს. 

ზოგადი გადმოსახედი მსოფლიო ბანკს გლობალური ეკონომიკის პერსპექტივაზე უახლოეს წლებში პოზიტიური აქვს. ანგარიშის შემაჯამებელ ნაწილში აღნიშნულია, რომ გლობალური ეკონომიკა იზრდება და გამოცოცხლების გზაზეა.

კომენტარები