14:00-სთვის საიას დამკვირვებლებმა საარჩევნო დარღვევებზე 44 საჩივარი დაწერეს

14:00-ის მონაცემებით, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებლებმა საარჩევნო დარღვევებზე 44 საჩივარი დაწერეს, ხოლო ჩანაწერთა წიგნში 56 შენიშვნა დააფიქსირეს. საია-ს შეფასებით, კენჭისყრის პროცესი ძირითადად, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუმცა ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ დაფიქსირდა არსებითი ხასიათის დარღვევაც - ანაკლიის ინციდენტი.

საიას დამკვირვებლებმა საჩივარი დაწერეს კასპის N25 უბანზე დარღვევის შესახებ. კერძოდ, ორგანიზაციის ინფორმაციით, ამომრჩეველზე არ გაიცემოდა გამგებლის ასარჩევი ბიულეტენები. საია აღნიშნავს, რომ საუბნო საარჩევნო ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება ბათილად ცნოს ყუთში აღმოჩენილი 27 ბიულეტენი. დამკვირვებლებმა დაწერეს საჩივარი კომისიის წევრების დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ.

საიამ დააფიქსირა დააფიქსირდა არაუფლებამოსილ პირთა ყოფნა ორ საარჩევნო უბანზე.

"ქარელის 25-ე უბანზე ახალი თაობა - დემოკრატიული საქართველოსთვის დამკვირვებლად მონაწილეობდა ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მარლენ ლომიტაშვილი. ასევე კასპის #22 უბანზე დამკვირვებლად მონაწილეობდა ამავე საარჩევნო სუბიექტის კასპის გამგებლობის კანდიდატი ვახტანგ გუგულაშვილი. საიას დამკვირვებლის ჩარევის შედეგად მათ დაატოვებინეს უბანი. საიამ შეატყობინა ცესკოს და აღნიშნულ პირებს გააუქმდათ დამკვირვებლად რეგისტრაცია" - აცხადებს ორგანიზაცია და არაუფლებამოსილი პირის მიერ ხმის მიცემის ფაქტზეც საუბრობს.

კერძოს, საიას ინფორმაციით, რუსთავის 82-ე უბანზე კომისიის წევრმა ორი მაჟორიტარული ბიულეტენით მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. საიას დამკვირვებლის შენიშვნის შემდეგ, უბანზე გამოცხადდა საოლქო საარჩევნო კომისია და საუბნოს საარჩევნო კომისიის წევრს ახნა-განმარტება ჩამოართვა.

"ქობულეთის ჩაისუბნის უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ამომრჩეველი არ დაუშვა უბანზე იმის გამო, რომ შეუბასამოდ ეცვა, რაც მან მიიჩნია არაეთიკურად (ამომრჩეველს ეცვა „შორტი“). ამომრჩეველს არ მისცეს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიმართ საიას დამკვირვებელმა საჩივარი წარადგინა" - ნათქვამია ორგანიზაციის დაკვირვების შედეგებში და აღნიშნულია საკონტროლო ფურცლების შევსებასთან დაკავშირებული პრობლემები.

"ნაძალადევის ოლქის 32-ე უბანზე საკონტროლო ფურცელზე არ აღნიშნეს ყუთში ჩაგდების ზუსტი დრო. მარნეულის 50-ე უბანზე საკონტროლო ფურცელი არ ჩააგდეს ყუთში პირველი ამომრჩევლის მოსვლის შემდეგ. აღნიშნულ დარღვევებზე საიას დამკვირვებლებმა საჩივრები წარადგინეს.
ასევე, აღმოჩნდა, რომ იძულებით გადაადგილებული პირების გარკვეულ კატეგორიაზე არ არის გაცემული დევნილის ახალი მოწმობა, რის გამოც მათ გარკვეული პრობლემები შეექმნათ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. მაგალითად, საიას დამკვირვებლის ინფორმაციით, ხონის #24 უბანზე, ვინაიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს არ ჰქონდათ დევნილის ახალი მოწმობები, ისინი ძველი დევნილის მოწმობებით ცდილობდნენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. ცესკოს ინფორმაციით, ვინაიდან ამ პირთა ხელახალი რეგისტრაცია დასრულდა 31 მაისს და ისინი მართლზომიერად იყვნენ რეგისტრირებულნი საარჩევნო სიებში და ამ პერიოდისთვის ვერ მოესწრო მოწმობების გაცემა, ცესკოს გასცა რეკომენდაცია, რომ არ შეზღუდულიყო მათი საარჩევნო უფლება და დევნილის ძველი მოწმობის ან დევნილის მოწმობის გარეშე მიეღოთ არჩევნებში მონაწილეობა. მიგვაჩნია, რომ ცესკოს აღნიშნული რეკომენდაცია წინააღმდეგობაში მოდის საარჩევნო კოდექსის მოთხოვნებთან.
ვაკის #19 უბანზე იძულებით გადაადგილებულმა პირმა დევნილის მოწმობის გარეშე მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. საიას დამკვირვებელმა აღნიშნულ დარღვევასთან დაკავშირებით საჩივარი წარადგინა" - აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

კომენტარები