უკრაინა

სამთავრობო ძალებმა მარიუპოლი ტერორისტებისგან გაწმინდეს

twitter.com/euromaidan

უკრაინის სამთავრობო ძალებმა ქალაქი მარიუოპოლი ტერორისტებისგან გაწმინდეს. ოპერაცია გამთენიისას დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქალაქის ცენტრში განადგურებულია ტერორისტების მთავარი ბაზა, აფეთქებულია მათი კუთვნილი ჯავშანმანქანა, ტერორისტებმა დიდი დანაკარგი განიცადეს. ძალოვნების მხრიდან ორი მებრძოლი დაიჭრა. ოპერაცია მოხალისეთა ბატალიონებმა აზოვმა და დნეპრმა განახორციელეს.

უკრაინის პრეზიდენტმა გუშინ საღამოს ძალოვნებთან საგანგებო თათბირი გამართა რუსეთის ტერიტორიიდან უკრაინაში მძიმე ტექნიკის კოლონის შემოჭრის გამო. სამხედრო კოლონა, რომელიც სამი ტანკი შედიოდა, გუშინ დონეცკში შევიდა. პეტრო პოროშენკო ტელეფონით ვლადიმირ პუტინს ესაუბრა და ტერორისტთა მხარდაჭერის შეწყვეტა მოითხოვა. უკრაინის პრეზიდენტი ასევე ესაუბრა შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტსა და გერმანიის კანცლერს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრი დეშჩიცას განცხადებით, უკრაინა პარტნიორებს მიაწვდის მტკიცებულებებს რუსეთიდან უკრაინაში შეიარაღების მიწოდების თაობაზე.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა საზღვარზე კონტროლის აღდგენის ოპერაცია დაიწყეს. უკრაინული წყაროების ცნობით, სამხედროებმა რუსეთიდან შემოსული ტექნიკის დიდი ნაწილი, მათ შორის ორი ტანკი გაანადგურეს, ხელში ჩაიგდეს რუსთიდან შემოსული შეიარაღება. ოთხი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, 30-მდე დაშავდა.      

შეერთებული შტატები ამოწმებს ინფორმაციას უკრაინაში ტანკების შესვლის შესახებ. თუ ეს ინფორმაცია დადასტურდება, ეს კრიზისის სერიოზული ესკალაციის ნიშანი იქნება. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯენ პსაკიმ განაცხადა.

წუხელ ღამით დონეცკის ცენტრში სეპარატისტთა ერთ-ერთი ლიდერის, დენის პუშილინის კუთვნილი ავტომანქანა ააფეთქეს. ტერაქტის შედეგად 7 ადამიანის დაშავდა, თავად პუშილინი არ დაზარალებულა. ინციდენტის მიზეზი უცნობია. 

კომენტარები