საქართველო-ევროკავშირი

პრემიერი აფხაზებს და ოსებს: ევროკავშირთან ასოცირების პროცესის თანაზიარი ხართ

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აფხაზებს და ოსებს "ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების სიკეთეებით" სარგებლობა შესთავაზა. როგორც ღარიბაშვილმა სასტუმრო რედისონში, საქართველო-ევროკავშირის საერთაშორისო ინვესტორთა კონფერენციაზე განაცხადა, ევროკავშირთან ასოცირების პროცესი მთელ საქართველოს მოიცავს.

"მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენ თანამოქალაქეებს. ამიტომ მინდა აქედან მივმართო ჩვენს ძმებს - აფხაზებს და ოსებს - თქვენ, თითოეულ ჩვენგანთან ერთად, სრულად ხართ ამ პროცესის თანაზიარი და თანამონაწილე. მე მჯერა, რომ თქვენ ისარგებლებთ ყველა ამ სიკეთით - იქნება ეს ევროკავშირთან ბიზნესის კეთება, უვიზო მიმოსვლა, საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობა თუ სხვა", - განაცხადა პრემიერმა.

საქართველო-ევროკავშირის საერთაშორისო ინვესტორთა კონფერენციას ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზოც ესწრება.

კომენტარები