რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

სააკაშვილი: რუსებმა მოიხსნეს ხელთათმანები და თვითონ გააგრძელეს საქმე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, რუსეთი აქამდე ელოდებოდა, რომ "შეთანხმებისამებრ, საქართველოს ახალ მთავრობას აღეძრა ჩემზე საქმე". სააკაშვილმა კომენტარი გააკეთა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლის ვლადიმირ მარკინის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, სააკაშვილზე, დავით კეზერაშვილსა და სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებზე რუსეთმა შესაძლოა საერთაშორისო ძებნა გამოაცხადოს. 

"მაგრამ მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობა მკაცრად გააფრთხილა ევროკავშირმა და პრინციპში, იმდენი ქექეს და მაინც ვერაფერი ვერ იპოვნეს, რუსებმა მოიხსნეს ხელთათმანები და თვითონ გააგრძელეს საქმე, თვითონ აპირებენ ჩემზე ძებნის გამოცხადებას. მე ვფიქრობ, ეს დიდი სისუსტის ნიშანია და ეს სისუსტე სულ უფრო გაძლიერდება მათში", - თქვა სააკაშვილმა.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლის ვლადიმირ მარკინის განცხადებით, მოსკოვი არ გამორიცხავს საერთაშორისო ძებნა გამოაცხადოს საქართველოს ყოფილ მაღალჩინოსნებზე. მისი თქმით, "გამოძიების მონაცემებით, საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნები, მათ შორის ქვეყნის ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი და სხვა პირები, მიზნად ისახავდნენ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ოსების სრულ განადგურებას". როგორც იტარ-ტასს ვლადიმერ მარკინმა უთხრა, სწორედ ქართულმა მხარემ მოახდინა სამხრეთ ოსეთში შეიარაღებული კონფლიქტის პროვოცირება.

ცნობისთვის, 2014 წლის მარტში, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პროკურატურამ ათ საქმესთან დაკავშირებით დაიბარა დაკითხვაზე. პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ გამოცხადებლობის შემთხვევაში, ყოფილ პრეზიდენტზე ძებნა გამოცხადდებოდა, მოგვიანებით კი თქვა, რომ "მე მოვლენებს გავუსწარი". მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარების გამო, შეშფოთება გამოთქვა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა.  

ყოფილი პრეზიდენტი საგამოძიებო უწყებაში 28 მარტს, 13:00-ზე უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა, როგორც იქამდეც რამდენჯერმე აღნიშნა, საქართველოში არ ჩამოსულა. პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს დისტანციურად დაკითხვა შესთავაზა SKYPE-ს მეშვეობით. ყოფილმა პრეზიდენტმა ამაზეც უარი თქვა. მოგვიანებით კი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის უფროსმა გიგი უგულავამ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩვენებას SKYPE-ს მეშვეობით, სასამართლოში მისცემს.

კომენტარები