ბათუმი

ენმ: ჭიკაიძემ ბათუმის კუთვნილი მოტოციკლები კახეთში გადაატანინა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ალექსანდრე ჭიკაიძეს მოუწოდებს, სასწრაფოდ დააბრუნოს ბათუმის კუთვნილი მოტოციკლები. როგორც ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ნაციონალური მოძრაობის წევრმა ჯუმბერ კახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, 2007 წელს ბათუმის თვითმმართველობის ბიუჯეტით ნაყიდი სამი მოტოციკლი, ალექსანდრე ჭიკაიძის დავალებით, კახეთში გადაიტანეს. კახიძე მინისტრს მოტოციკლების დაბრუნებას სთხოვს.

"ქალაქ ბათუმის სპეციფიკიდან გამომდინარე, ეფექტური პატრულირებისთვის, 2007 წელს მერიამ პატრულს შეუძინა სამი მოტოციკლი. ყველას კარგად გვახსოვს, ამ მოტოციკლებით სამართალდამცველები როგორ პატრულირებდნენ ქალაქში. როგორც გავიგეთ, 30 მაისის ღონისძებაზე, შინაგან საქმეთა მინისტრს ალექსანდრე ჭიკაიძეს მოეწონა მოტოციკლეტები და ბრძანა მისი გადატანა კახეთის ტერიტორიაზე. მინისტრს მოვუწოდებ, სასწრაფოდ დააბრუნოს ბათუმის კუთვნილი ქონება", - აღნიშნა ჯუმბერ კახიძემ და განმარტა, რომ მოტოციკლები კახეთში 30 მაისს პოლიციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ გადაიტანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კი, ალექსანდრე ჭიკაიძის მიერ ბათუმიდან კახეთში მოტოციკლების გადატანას უარყოფს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ნინო გიორგობიანის თქმით, მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია და ჯუმბერ კახიძე არასწორ ინფორმაციას ავრცელებს.

კომენტარები