სომხეთი

მოგზაურობა სომხეთში

ცოტა ხნის წინ, ერთი პროექტის ფარგლებში ვიმყოფებოდი ერევანში. იქ 12 დღე გავატარე და ამ პერიოდის განმავლობაში ვხდებოდი ადგილობრივ საექსპერტო საზოგადოების წარმომადგენლებს. თავად ქალაქმა დადებითი შთაბეჭდილება დატოვა, კეთილმოწყობის დონით და ზოგადი გარემოთი თბილისს ჰგავს. მთლიანობაში, იქ თავს კომფორტულად ვგრძნობდი და ქუჩაში სიარულისას ზოგჯერ მავიწყდებოდა კიდევაც, რომ თბილისში არ ვარ.

ერევნის ცენტრის ლაღი და ხალისიანი გარემო ერთგვარ კონტრასტში იყო იმ თემებთან, რის შესახებაც მიწევდა საუბარი ზემოხსენებული შეხვედრების დროს: სომხეთის სამომავლო გაწევრიანება რუსეთის საბაჟო კავშირში; კრემლის მიერ განხორციელებული შანტაჟი, რომლის შედეგად სომხეთის ხელისუფლებამ მიიღო ეს გადაწყვეტილება; მისი შესაძლო მძიმე შედეგები სომხეთის ეკონომიკისთვის და საგარეო ურთიერთობებისთვის; რუსეთის მიერ საქართველოს და სომხეთს შორის კონფლიქტის ხელოვნურად პროვოცირების მცდელობის საფრთხე.

1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომი პერიოდის განმავლობაში, საქართველო და სომხეთი ახერხებენ ნორმალური ურთიერთობების შენარჩუნებას მიუხედავად გეოპოლიტიკური გარემოსი, რომელიც ამ თვალსაზრისით სირთულეებს შეიცავს: საქართველო ფაქტობრივად იმყოფება ომის მდგომარეობაში რუსეთთან, რომლის გავლენის სფეროშიც შედის სომხეთი. ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, იმყოფება ომის მდგომარეობაში აზერბაიჯანთან, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის საკვანძო სტრატეგიული პარტნიორი.

საქართველოსა და სომხეთის მხრიდან ამ ყველაფრის მიუხედავად კეთილმეზობლური ურთიერთობის შენარჩუნება ძალიან გონივრული ქცევაა. ორივე არის მცირე და სუსტი სახელმწიფო, რომელთა უსაფრთხოებას დიდი რისკები ემუქრება. ამავე დროს, ორივეს შეუძლია ერთმანეთისთვის ძალიან სერიოზული პრობლემების შექმნა. ამ ყველაფრის გამო, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების სერიოზული გაუარესება იქნებოდა მძიმე შედეგის მომტანი ორივე მხარისთვის.

თუმცა დღეს რუსეთის აგრესიული პოლიტიკა ძალზედ გააქტიურებულია. ამჟამად კრემლი ყველაფერს აკეთებს უკრაინის სახელმწიფოს ნაწილებად დასაშლელად, საქართველოში კი ყოველდღე უფრო თამამი ხდება მე-5 კოლონა, რაც ვერ იქნება შემთხვევითი მოვლენა და რუსეთის ხელმძღვანელობის ნების შედეგად ხდება. ასეთ ფონზე ვერ გამოვრიცხავთ იმის საფრთხეს, რომ კრემლის მიმდინარე პოლიტიკის ფარგლებში ის ეცდება ქართულ-სომხური კონფლიქტის ხელოვნურ პროვოცირებას. რუსეთს ეს გაუადვილებდა კავკასიაში კონტროლის დამყარებას, ხოლო ჩვენ და სომხეთს კატასტროფულ შედეგს მოგვიტანდა.

ვლადიმირ პუტინი და სერჟ სარგსიანი
ფოტო: AFP
რუსეთს აქვს ბერკეტები ამდაგვარი ძალისხმევისთვის. საქართველოშიც და სომხეთშიც ძლიერია რუსული აგენტურა, რომელსაც შეუძლია ორივე ქვეყანაში ერთმანეთის საწინააღმდეგო განწყობების გაღვივება. საქართველოს შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ იმ რეგულარულ ანტისომხურ გამოხდომებს, რომლებსაც ახორციელებს „ასავალ-დასავალი" და სხვა წარმომადგენლები პრესის იმ ამაზრზენი (და საკმაოდ დიდი აუდიტორიის მქონე) ნაწილისა, რომელიც გამუდმებით აღვივებს ზიზღს ამ ქვეყანაზე ყველასა და ყველაფრის მიმართ. რა თქმა უნდა, რუსეთის გარდა.

ამავე დროს, სომხეთის გაწევრიანება საბაჟო კავშირში ამ ქვეყნის საგარეო-ეკონომიკურ პოლიტიკას დიდწილად ჩააგდებს ამ გაერთიანების, ანუ რუსეთის ხელში. ამან კი შესაძლოა მისცეს რუსეთს საშუალება, შეაფერხოს ეკონომიკური ურთიერთობები სომხეთსა და საქართველოს შორის, თუკი ის ამას საჭიროდ ჩათვლის.

ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, რუსულ სადაზვერვო სამსახურებს გაუადვილდათ მუშაობა საქართველოს ტერიტორიაზე. ამის ღია გამოხატულებებია „პოლიტპატიმრების" სტატუსით გამოშვებული რუსული ჯაშუშები, თბილისში მყოფი თენგიზ კიტოვანი, რომელიც გვარიგებს ჭკუას, ქმნის საკუთარ გაურკვეველი დანიშნულების დაჯგუფებას და პარლამენტში შეჭრით იმუქრება, ისევე, როგორც მრავალი სხვა რამ. ასეთ ვითარებაში მსგავსი თვალსაჩინო ფაქტები მხოლოდ აისბერგის თავი უნდა იყოს. ამასთან ერთად კი ასევე უნდა ხდებოდეს ბევრი სხვა რამ – ნაკლებად აშკარა და „მყვირალი", მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი. მთლიანად საქართველოში არსებული ამ ვითარების ფონზე, ნაკლებად სავარაუდოა, მისი ერთ-ერთი რეგიონი – ჯავახეთი – გამონაკლისი იყოს. ქართულ-სომხური ურთიერთობების განადგურების მიზნით რუსეთმა შეიძლება სცადოს ჯავახეთში ვითარების გამწვავება საკუთარი აგენტურის მეშვეობით და თანაც ეს ერევნის დაუკითხავად გააკეთოს.

ზოგადად, სომხეთის არც აზრი და არც ინტერესები კრემლს არ აღელვებს. მისთვის ეს ქვეყანა მხოლოდ ხელსაყრელ გეოსტრატეგიულ პოზიციას წარმოადგენს. ამის ერთ-ერთი ნიშანია ის ფაქტი, რომ სომხეთის უსაფრთხოების რუსეთზე დამოკიდებულების გასაზრდელად და საბაჟო კავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული ზეწოლის განსახორციელებლად, მოსკოვმა 2013 წლის ზაფხულში აზერბაიჯანს მიჰყიდა 1 მილიარდი აშშ დოლარის შეიარაღება. ამით მან ხელი შეუწყო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ძალთა ბალანსის ამ უკანასკნელის სასარგებლოდ შეცვლის პროცესს, რომელიც ისედაც მიმდინარეობს აზერბაიჯანის ბევრად უფრო დიდი ეკონომიკური და დემოგრაფიული რესურსის გამო.

დღეს, მათ შორის უკრაინული მოვლენების მაგალითზე, აშკარაა, რომ საკუთარი მიზნების მისაღწევად კრემლი თითქმის ნებისმიერ ნაბიჯზეა წამსვლელი. ამის ფონზე, საქართველო-სომხეთის ურთიერთობების ხელოვნურად გაფუჭების მცდელობა მისი მხრიდან, სულაც არ განეკუთვნება ფანტასტიკის სფეროს. ამ ორი ქვეყნისთვის კი ამდაგვარი სცენარი კატეგორიულად მიუღებელია. სომხეთის უსაფრთხოების გრძელვადიანი დაცვა ფიზიკურად შეუძლებელია, თუ მის მოწინააღმდეგეთა რიცხვს საქართველოც დაემატება. ამავე დროს, მოვლენათა ასეთი განვითარება კრიტიკულ ზიანს მიაყენებდა საქართველოს ინტერესებსაც.

როგორც საქართველოში, ისევე სომხეთში არის ბევრი ადამიანი, რომელსაც გულწრფელად სურს, რომ ურთიერთობა ამ ქვეყნებს შორის იყოს დადებითი, და რომელსაც კარგად ესმის ამის ალტერნატივის მიუღებლობა. ზოგ მათგანს მე შევხვდი ერევანში ყოფნის დროს. საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრები ასეთი ადამიანების ვალდებულებაა, გააკეთონ ყველაფერი, რათა ჩვენი ქვეყნების კეთილდღეობა და უსაფრთხოება არ შეეწიროს კრემლის გეოსტრატეგიულ მიზნებს. ისტორიის ბოლო მონაკვეთის განმავლობაში ჩვენ ისედაც ზედმეტად ხშირად ვხდებოდით სათამაშოები რუსეთის ხელში, რასაც უაღრესად სავალალო შედეგი მოსდევდა.

კომენტარები