კანდელაკი: ჩვენ აღმოვჩნდით შევარდნაძის პერიოდზე უარეს მდგომარეობაში

timer.ge

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი კანდელაკის შეფასებით, "ამერიკის საელჩოს განცხადება ცხადყოფს, რომ მთავრობის თვითკმაყოფილების მიუხედავად, ჩვენ აღმოვჩნდით შევარდნაძის პერიოდზე უარეს მდგომარეობაში". კანდელაკის თქმით, "მთავრობა ედუარდ შევარდნაძის დროსაც კი არ იყენებდა საკუთარ რესურსებს იმისთვის, რომ რეგისტრაციიდან მოეხსნათ ოპოზიციის კანდიდატები და თავიდან აეცილებინათ მათი არჩევნებში გარდაუვალი გამარჯვება".

საპარლამენტო უმცირესობის წევრის შეფასებით, დღეს მთავრობა არ ენდობა ხალხის ნებას და თავის მოქალაქეებს და არჩევანს ართმევს მათ.

აშშ-ის საელჩო საქართველოში წინასაარჩევნოდ, მთავრობის მიერ კანდიდატებზე განხორციელებული სავარაუდო ზეწოლის ფაქტებით შეშფოთებულია. საელჩო საქართველოს ხელისუფლებას გამოძიებისა და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

ცნობისთვის, 5 ივნისს, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით, ნაციონალური მოძრაობის მარნეულის გამგებლობის კანდიდატი აკმამედ იმამკულიევი რეგისტრაციიდან მოიხსნა. ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა აღნიშნული მარნეულში გააპროტესტეს. მარნეულის საოლქო კომისიის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამაც.

გარდა ამისა, 6 ივნისს, ზუგდიდში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისთან აქცია გამართეს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის ოფიცრის, გაუჩინარებული პაატა ქარდავას ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა. მათ ოფისში მყოფ პირებს ქვები დაუშინეს. ენმ-ის განცხადებით, "აქტივისტებს მეთაურობდნენ კოალიციის ზუგდიდის ორგანიზაციის აქტივისტები და ლიდერები თენგო აბულაძე და მანუჩარ მალანია, ახალსოფლის თვითმმართველობის სპეციალისტი ბესო კოზუა". მათ ოფისში შეჭრისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატს სალომე მაქაცარიას.

7 ივნისს კი, ბათუმში, ენმ-ის ლიდერებს პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები თავს დაესხნენ. გიგა ბოკერია, გიგი უგულავა და გიორგი ბარამიძე ამომრჩეველთან წინასაარჩევნო შეხვედრას მართავდნენ, როცა შეხვედრისას სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

კომენტარები