საქართველოს ეკონომიკა

პროგრამის აწარმოე საქართველოში ფარგლებში ორი საწარმო დაფინანსდა

მეწარმეებთან შეხვედრა ეკონომიკის სამინისტროში
საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ცნობით სამთავრობო პროგრამის აწარმოე საქართველოში ფარგლებში ორი საწარმო უკვე ამოქმედდა. 
 
დღეს, 6 ივნისს, მთავრობის სხდომაზე სახელმწიფო ქონების გადაცემის შესახებ ორი განაცხადი გავიდა. სახელმწიფო ქონების გადაცემასთან არსებულ ვალდებულებებზე, რომელსაც საკუთარ თავზე მეწარმეები იღებენ, ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ, დიმიტრი ქუმსიაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, მეწარმეები საკუთრებაში მიიღებენ ქონებას იმ პირობით, რომ შეასრულებენ სახელმწიფოს წინაშე ნაკისრ ვალდებულებას და უახლოესი ორი წლის განმავლობაში ობიექტის ღირებულების  ოთხმაგი ოდენობის ინვესტიციას განახორციელებენ. 
 
ეკონომიკის მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, დაფინანსდა ორი მცირე საწარმო კასპსა და რუსთავში. 
 
კასპის რაიონში შპს "ჯი-ემ-პლასტიკის“ სამედიცინო ნარჩენებისთვის განკუთვნილი კონტეინერების წარმოებისთვის მინიმალური ინვესტიცია 204 ათასი ლარი იქნება და 30 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება. რუსთავში საფეიქრო საწარმო შპს "შაქრო“ კი 104 ათასი ლარის მინიმალურ ინვესტიციას განახორციელებს და საწყის ეტაპზე 45 ადამიანს დაასაქმებს. 
 

"ერთი არის პლასტიკის ნაწარმის მწარმოებელი ქარხანა, რომელიც  სამედიცინო ნარჩენებისთვის განკუთვნილ კონტეინერებს აწარმოებს. ეს მცირე საწარმო კასპში კეთდება. მეორე არის საფეიქრო საწარმო რუსთავში, კერძოდ, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და ტყავის გადამამუშავებელი მცირე საწარმო. ჩვენ, ჩვენს ნაწილში გვევალება, რომ სახელმწიფო ქონების საკითხები გამოვიტანოთ მთავრობაზე. დანარჩენი დაფინანსების ნაწილში უკვე ბანკებთან არის მემორანდუმი ხელმოწერილი და ისინი ბანკებთან აგრძელებენ ურთიერთობას"- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 
 
პირველადი ცნობით ორივე პროექტის მთლიანი ბიუჯეტი ნახევარი მილიონი ლარია, თუმცა მთლიანი ინვესტიციის ზუსტი რაოდენობა მოგვიანებით გაირკვევა. 
 
სამინისტროში გამართულ შეხვედრას მეწარმეებიც დაესწრნენ, სადაც თქვეს, რომ მათი პროდუქციის 90% ევროპაში გავა ექსპორტზე. 

კომენტარები