აფხაზეთი

პრეზიდენტი აფხაზეთზე: ჩემი გუშინდელი შეფასება არის დღევანდელი შეფასებაც

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის პოზიცია აფხაზეთში მიმდინარე პროცესებზე პრემიერისგან განსხვავდება. დღეს ჟურნალისტებმა პრეზიდენტს შეაფასებინეს ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომლის მიხედვითაც, აფხაზეთის მოვლენებში რუსეთის ჩარევას დადასტურება და ანალიზი სჭირდება.

"ჩემი გუშინდელი შეფასება არის დღევანდელი შეფასებაც. მე ხომ არ ვარ პოლიტიკური კომენტატორი?! გააკეთა გუშინ უმაღლესმა პოლიტიკურმა ფიგურამ განცხადება და ხომ არ დაძველდა გუშინდელის მერე იგივე განცხადება დღესაც?!", - აღნიშნა მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ განაცხადა, რომ "როგორც აფხაზეთში განვითარებული მოვლენებიდან ნათლად ჩანს, ეს არის რუსეთის პირდაპირი და ღია ჩარევა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიისა და ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებაში". პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით კი, რუსეთის ჩარევას აღნიშნულ პროცესებში დადასტურება და ანალიზი ესაჭიროება. მისი მოსაზრებით, ეს არის შიდა საკადრო გადაადგილებები.

კომენტარები