აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის გადადგომას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა. სერგეი ლავროვის თქმით, აფხაზეთში განვითარებული მოვლენები მხოლოდ აფხაზეთის შიდა საქმეა. მისი განცხადებით, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ხალხის ინტერესი პირველ ადგილას უნდა დააყენოს და ყველა პრობლემა დიალოგის გზით მოაგვაროს. ლავროვისვე თქმით, სოხუმსა და მოსკოვს შორის ურთიერთობა ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში განვითარდება.
"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის, რაც აფხაზეთში ხდება, აფხაზეთის და აფხაზი ხალხის შიდა საქმეა. მთავარია, სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას შორის უთანხმოება ძალადობის გარეშე მოგვარდეს და მათ ისეთ შეთანხმებას მიაღწიონ, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება. ორივე მხარემ უნდა გამოიჩინოს პასუხისმგებლობა და ხალხის ინტერესები ცალკეული პოლიტიკოსების ინტერესებზე მაღლა არ დააყენოს", - განაცხადა ლავროვმა.
შეგახსენებთ, რომ აფხაზური ოპოზიციის რამდენიმედღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, დე ფაქტო პრეზიდენტი ალექსანდრ ანქვაბი თანამდებობიდან გადადგა. მომიტინგეები ანქვაბს ავტორიტარიზმში და უუნარობაში ადანაშაულებდნენ. ეკონომიკური პრობლემების გარდა, საპროტესტო გამოსვლების ერთ-ერთი მიზეზი ეთნიკური ქართველებისთვის აფხაზური მოქალაქეობის მინიჭება გახდა, რასაც ოპოზიცია ეწინააღმდეგება.





