პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის შეფასებით, აფხაზეთში მიმდინარე მოვლენები უკიდურესად საყურადღებოა, მაგრამ საგანგაშო ჯერჯერობით არ არის. უსუფაშვილის თქმით, აფხაზეთში შექმნილი ვითარება სხვა ქვეყნის უპრეცედენტო და უკონტროლო გავლენის შედეგია.
“საგანგაშო მდგომარეობა იმაში მდგომარეობს, რომ აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია გრძელდება. ოკუპაცია ზუსტად იმის ოკუპაციაა, რომ ოკუპანტი და ადგილობრივი პოლიტიკური რეჟიმი მოქმედებს სრულიად სხვა პრიორიტეტების და სხვა მიზნების შესაბამისად, ვიდრე ეს არის ქვეყნის სტრატეგია და ქვეყნის ინტერესი. ამიტომ ბოლო ხანებში განვითარებული მოვლენები საყურადღებოა. ჯერჯერობით, საგანგაშოს მას ვერ დავარქმევ, მაგრამ უკიდურესად საყურადღებოა, რათა უზრუნველყოფილი იყოს მშვიდობა რეგიონში. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და ექსპერტებიც საუბრობენ იმის შესახებ, რომ ასოცირების ხელშეკრულების პროცესში შესაძლოა იყოს გარკვეული გართულებები.
დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო საზოგადოების მცდელობით, ჩვენი სწორი პოლიტიკით, შევძლებთ იმას, რომ რაიმე სერიოზული პრობლემები ქვეყანას აღარ დაემატოს. ის რაც ამ დღეებში აფხაზეთში ხდება, არის ოკუპაციის გამო, ოკუპაციის მიზეზებით, საქართველოს ამ ტერიტორიაზე სხვა ქვეყნის, პრაქტიკულად უპრეცედენტო და უკონტროლო გავლენით. ასე რომ, უნდა ვიყოთ მშვიდად, მაგრამ ფხიზლად”, - განაცხადა უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ აფხაზური ოპოზიციის რამდენიმედღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, დე ფაქტო პრეზიდენტი ალექსანდრ ანქვაბი თანამდებობიდან გადადგა. მომიტინგეები ანქვაბს ავტორიტარიზმში და უუნარობაში ადანაშაულებდნენ. ეკონომიკური პრობლემების გარდა, საპროტესტო გამოსვლების ერთ-ერთი მიზეზი ეთნიკური ქართველებისთვის აფხაზური მოქალაქეობის მინიჭება გახდა, რასაც ოპოზიცია ეწინააღმდეგება.





